უცხოეთი
დონალდ ტრამპმა ევროპელ ლიდერებს წერილი მისწერა და ნატო-ს დაფინანსების გაზრდა მოითხოვა

     საქართველო, 4 ივლისი, საქინფორმი. ნატო-ს სამიტის წინ აშშ-ის პრეზიდენტმა რამდენიმე ევროპელ ლიდერს წერილი მისწერა, რომელშიც დონალდ ტრამპი ალიანსის დაფინანსების გაზრდას ითხოვს.

„ნიუ იორკ თაიმსის“ ცნობით, ივნისის თვეში აშშ-ის ლიდერის გზავნილი გერმანიამ, კანადამ, ბელგიამ და ნორვეგიამ მიიღეს. როგორც გამოცემა წერს, წერილში ტრამპი უკმაყოფილებას გამოთქვამს, რომ ევროპის ქვეყნების დიდი ნაწილი, კვლავ გაცილებით ნაკლებს ხარჯავს ნატო-ს დაფინანსებისთვის, ვიდრე ვაშინგტონი. ჟურნალისტების ინფორმაციით, მსგავსი შინაარსის წერილი გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა მიიღო.

„ როგორც უკვე განვიხილეთ აპრილში თქვენი ვიზიტის დროს, აშშ-ში იზრდება იმედგაცრუება იმის გამო, რომ ზოგიერთმა მოკავშირემ, დაპირების მიუხედავად, ამ დრომდე არ გაზარდა სამხედრო ხარჯები“, – ნათქვამია ტრამპის წერილში, რომელიც „ნიუ იორკ თაიმსმა“ მოიპოვა.

„გერმანიის მხრიდან თავდაცვის სფეროს არასათანადო დაფინანსება ძირს უთხრის ალიანსის უსაფრთხოებას და წარმოადგენს მაგალითს სხვა მოკავშირეებისთვის, რათა მათაც უარი თქვან ვალდებულებების შესრულებაზე, რადგან სხვებისთვის გერმანია მისაბაძი მაგალითია“, – წერს აშშ-ის პრეზიდენტი.

ტრამპის თქმით, თეთრი სახლის ადმინისტრაციას გაუჭირდება აუხსნას აშშ-ის მოქალაქეებს, თუ რატომ არ შეაქვთ ზოგიერთ ქვეყნებს ნატო-ს კოლექტიურ უსაფრთხოებაში საკუთარი წვლილი მაშინ, როდესაც ამერიკელი სამხედროები უცხოეთში საკუთარ სიცოცხლეს სწირავენ.

როგორც „ნიუ იორკ თაიმსის“ მიერ მოპოვებულ წერილშია ნათქვამი, თუ ნატო-ს ევროპელი მოკავშირეები არ გაზრდიან თავდაცვის სფეროს დაფინანსებას, აშშ-მა შესაძლოა, შეამციროს მსოფლიოში აშშ-ის სამხედრო წარმომადგენლობა.

აშშ-ის პრეზიდენტის წერილს უკვე გამოეხმაურა ევროპელი ლიდერების ნაწილი, ბელგიის პრემიერ მინისტრ შარლ მიშელის თქმით, ის არ არის აღფრთოვანებული გზავნილის შინაარსით. მისივე თქმით, ბელგიამ შეაჩერა თავდაცვის სფეროს დაფინასების შემცირების პროცესი და ბევრ სამხედრო ოპერაციაში მონაწილეობს.

როგორც „ფრანს პრესი“ იუწყება, ტრამპის წერილი სულ 8 ევროპულმა სახელმწიფომ მიიღო. ესენია: ბელგია, იტალია, პორტუგალია, ლუქსემბურგი, ნორვეგია, ნიდერლანდები და გერმანია.

შეგახსენებთ ნატო-ს სამიტი, რომელსაც დონალდ ტრამპიც დაესწრება, ბრიუსელში 11-12 ივლისს გაიმართება.

1tv.ge