აქტუალური
საქართველო ყველაზე უსაფრთხო ქვეყნებს შორის მე-17 ადგილზეა

     საქართველო, 2 ივლისი, საქინფორმი. ანალიტიკური სააგენტო Gallup-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, საქართველო უსაფრთხო ქვეყანათა სიაში მე-17 ადგილზეა. კვლევა მსოფლიო მართლწესრიგი – 2018“ მსოფლიოს 142 ქვეყანაში ჩატარდა და მისი მიზანი ქვეყნებში მართლწესრიგის ინდექსის დადგენაა.

რეიტინგში საქართველოს 87 ქულა მიანიჭეს. იგივე ქულა მინიჭებული აქვს პორტუგალიასა და თურქმენეთს. ყველაზე უსაფრთხო ქვეყნად 97 ქულით სინგაპური დასახელდა, ტოპ ათეული კი ასე გადანაწილდა - ნორვეგია, ისლანდია, ფინეთი, უზბეკეთი, ჰონგ-კონგი, შვეიცარია, კანადა, ინდონეზია, დანია.

რეიტინგში ყველაზე დაბალი - 44 ქულა ვენესუელას აქვს. საფრთხის შემცველი ქვეყნების ათეულში შედიან: ავღანეთი, სამხრეთ სუდანი, გაბონი, ლიბერია, სამხრეთ აფრიკა, მექსიკა, დომინიკის რესპუბლიკა, ბოტსვანა და სიერა ლეონე.

მართლწესრიგის ინდექსის დასადგენად მოქალაქეებს სხვადასხვა შეკითხვას უსვამდნენ. მაგალითად, იმ ქალაქსა და ადგილას, სადაც თქვენ ცხოვრობთ, გაქვთ თუ არა ნდობა ადგილობრივი პოლიციის მიმართ?.

მართლწესრიგის ინდექსის გასაზომად თითოეული ქვეყნიდან დაახლოებით ათასი ადამიანი გამოიკითხა.