აქტუალური
სავალუტო ფონდმა საქართველოსთვის 42,25 მილიონი დოლარის გამოყოფას მხარი დაუჭირა

     საქართველო, 29 ივნისი, საქინფორმი. საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოსთვის 42,25 მილიონი დოლარის გამოყოფას მხარი დაუჭირა. ორგანიზაციის მიერ გავრცელებული პრესრელიზის მიხედვით, ფონდის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ დაამტკიცა „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით“ მხარდაჭერილი საქართველოს სამწლიანი პროგრამის მეორე მიმოხილვა.

ეს პროგრამა 2017 წლის 12 აპრილს დაიწყო და მთლიანობაში 210,4 მილიონი სპეციალური ნასესხობის უფლების (SDR-ის), დაახლოებით 285 მილიონი აშშ დოლარის გადმორიცხვას ითვალისწინებს. პროგრამის მიზანი ხელისუფლების ეკონომიკური რეფორმების მხარდაჭერაა.

პროგრამით გათვალისწინებული დანარჩენი ჩამორიცხვები განხორციელდება შემდეგი ოთხი მიმოხილვის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, რომელიც წელიწადში ორჯერ ჩატარდება.

საერთაშორისო სავალუტო ფონდში აცხადებენ, რომ მონეტარული პოლიტიკა საქართველოში ვითარების შესაბამისია.

ინფლაციის თარგეთირების რეჟიმი, მცურავ გაცვლით კურსთან ერთად, ფრიად გამოადგა საქართველოს. არსებული რეჟიმი კიდევ უნდა გაძლიერდეს. ცენტრალურმა ბანკმა უნდა გააგრძელოს დაკვირვება ფასებზე, ხელფასებზე, მონეტარულ და ფინანსურ პარამეტრებზე და კვლავაც უზრუნველყოს შესაბამისი მონეტარული პოზიცია“, – აღნიშნულია ფონდის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.

სსფ საქართველოს შესაბამის უწყებებს რამდენიმე რეკომენდაციით მიმართავს.

კრიზისის მართვის ჩარჩო უნდა მოერგოს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას. დაიხვეწოს სტრესის მართვის პროცედურები, შეიქმნას ბანკების რეზოლუციის ჩარჩო და სტრესის პირობებში ლიკვიდობის მიწოდების წესი. დაწყებული ზრდის ხელშემწყობი სტრუქტურული რეფორმების გატარება უნდა აჩქარდეს, რომ კერძო სექტორი გახდეს ზრდის მამოძრავებელი ძალა საშუალოვადიან პერიოდში.

რეფორმების დაჩქარება, ინფრასტრუქტურული ინვესტიციების ზრდა, განათლებისა და კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესება მდგრადი და ინკლუზიური ზრდის წინაპირობაა“, – აცხადებს ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილე ტაო ანგი, რომლის განცხადების ტექსტს საფინანსო ორგანიზაცია ავრცელებს.