უცხოეთი
ვლადიმერ პუტინი და ჯონ ბოლტონი რუსეთი-აშშ-ის სამიტის გამართვის დროსა და ადგილზე შეთანხმდნენ

     საქართველო, 29 ივნისი, საქინფორმი. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ნაციონალური უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ ბოლტონი რუსეთი-აშშ-ის სამიტის გამართვის დროსა და ადგილზე შეთანხმდნენ.

როგორც სააგენტო „ინტერფაქსი“ წერს, ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა განაცხადა.

უშაკოვის თქმით, პუტინისა და ტრამპის შეხვედრის დროსა და ადგილის შესახებ განცხადება 28 ივნისს გაკეთდება. როგორც რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე ამბობს, „სამიტისთვის შერჩეულია ძალიან მოსახერხებელი ადგილი როგორც რუსეთისთვის, ისე აშშ-სთვის – ეს მესამე ქვეყანაა“.

იური უშაკოვის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინი და დონალდ ტრამპი მოლაპარაკებებს პირისპირ გამართავენ, მათი შეხვედრა რამდენიმე საათს გაგრძელდება, საუბარი კი ორმხრივ ურთიერთობებს, ასევე სირიასა და განიარაღების საკითხებს შეეხება.

კრემლში არ გამორიცხავენ, რომ შეხვედრის დასასრულს მხარეებმა ერთობლივი განცხადება მიიღონ.

უშაკოვმა ასევე განაცხადა, რომ მოლაპარაკებებისას, ვლადიმერ პუტინმა და ჯო ბოლტონმა აშშ-ის არჩევნებში ჩარევის საკითხზეც ისაუბრეს.

„ჩვენი მხრიდან მკაფიოდ იქნა გაცხადებული, რომ რუსეთი აშშ-ში პროცესებში არ ჩარეულა, არ ერევა და , მით უმეტეს, არ ჩარეულა 2016 წლის არჩევნებში“, – განაცხადა უშაკოვმა.

1tv.ge