აქტუალური
საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველ მოადგილედ მიხეილ სარჯველაძე დაინიშნა

     საქართველო, 26 ივნისი, საქინფორმი. პარლამენტის მიერ პრემიერ-მინისტრისა და მინისტრთა კაბინეტის ხელახლა დამტკიცების შემდეგ, კანონის თანახმად, ახალდანიშნულ მინისტრებს თავიდან უნდა დაემტკიცებინათ მოადგილეები, თუმცა ცვლილებები მოხდა იუსტიციის სამინისტროში, სადაც იუსტიციის მინისტრის ყოფილმა პირველმა მოადგილემ ალექსანდრე ბარამიძემ კანდიდატურა აღარ წარადგინა და მის ნაცვლად იუსტიციის მინისტრის პირველ მოადგილედ მიხეილ სარჯველაძე დაინიშნა, რომელიც მანამდე იუსტიციის მინისტრის მოადგილე იყო.

როგორც იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურში პირველ არხს განუმარტეს, გადაწყვეტილება იუსტიციის სისტემიდან წასვლის შესახებ თავად ბარამიძემ მიიღო.

უწყებაში აცხადებენ, რომ მისი და თეა წულუკიანის ორმხრივი შეთანხმებისა და გადაწყვეტილების შედეგად მან მინისტრის პირველი მოადგილის პოსტზე საკუთარი კანდიდატურა აღარ წარადგინა.

ალექსანდრე ბარამიძე იუსტიციის მინისტრის მოადგილედ 2012 წელს დაინიშნა, 2013 წლიდან კი ის მინისტრის პირველი მოადგილე იყო.