უცხოეთი
თურქეთის უმაღლესმა საარჩევნო საბჭომ რეჯეფ თაიფ ერდოღანი ოფიციალურ გამარჯვებულად გამოაცხადა

     საქართველო, 26 ივნისი, საქინფორმი. თურქეთის უმაღლესმა საარჩევნო საბჭომ რეჯეფ თაიფ ერდოღანი ოფიციალურ გამარჯვებულად გამოაცხადა. არჩევნებში მონაწილეთა ხმების 99%-ის დათვლის შემდეგ, ერდოღანს 52.55% აქვს.

საარჩევნო საბჭოს თავმჯდომარე სადი გუვენის განცხადებით, დარჩენილი ხმები არჩევნების შედეგებზე გავლენას ვეღარ მოახდენს.

საპრეზიდენტო არჩევნებზე მეორე ადგილზე გავიდა მუჰარემ ინჯე 30.67%-ით. მესამე ადგილი დაიკავა სალაჰათთინ დემირტაშმა 8.36%-ით. მეოთხე ადგილზე მერალ აქშენერია, რომელსაც ხმების 7.33% აქვს. თემელ კარამოლაუღლუმ 0.89%, დოღუ პერინჩეკმა კი 0.20% მიიღეს.

რაც შეეხება პოლიტიკურ პარტიებს, პარლამენტში მოსახვედრი 10%-იანი ბარიერი 5-მა პოლიტიკურმა პარტიამ გადალახა. მმართველ „სამართლიანობისა და განვითარების პარტიას” 42.50% აქვს. ოპოზიციურმა „სახალხო რესპუბლიკურმა პარტიამ” 22.68% მიიღო, მესამე ადგილზეა პროქურთული „სახალხო დემოკრატიული პარტია“ 11.63%-ით, არჩევნებზე მეოთხე ადგილი დაიკავა „ნაციონალისტური მოძრაობის პარტიამ” 11.13%-ით. მეხუთე პოლიტიკური პარტია, რომელიც პარლამენტში 10.01%-ით შევიდა, „კარგი პარტიაა”.

1tv.ge