რელიგია
ილია მეორე: დაცული უნდა იყოს ადამიანის უფლებები, უნდა მოხდეს ტრადიციული ღირებულებების, სულიერ-კულტურული და ინტელექტუალური პოტენციალის განვითარება

     საქართველო, 25 ივნისი, საქინფორმი. ერთის მხრივ, დაცული უნდა იყოს ადამიანის უფლებები, ამასთან, თანამედროვე ყოფაში უნდა მოხდეს ტრადიციული ღირებულებების, სულიერ-კულტურული და ინტელექტუალური პოტენციალის განვითარება, ტერიტორიული მთლიანობისთვის ზრუნვა, ენის სიწმინდის დაცვა და რწმენის განმტკიცება, რომ ქვეყანამ სწორი პასუხი გასცეს დროის გამოწვევებს, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ წმინდა სინოდის სხდომაზე მისასალმებელ სიტყვაში განაცხადა.

წმინდა სინოდის სხდომის ოქმში ნათქვამია, რომ მისასალმებელ სიტყვაში ილია მეორემ ხაზი გაუსვა პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის გამოცხადებიდან 100 წლის იუბილეს და რომ ეს ფაქტი მეტად მნიშვნელოვანია, რადგან დამოუკიდებლობა თავისუფლებასთანაა წილნაყარი, როგორც ღვთისგან ბოძებული დიდი სიკეთე. ასევე, კათოლიკოს-პატრიარქმა საიუბილეო თარიღი მიულოცა საქართველოს ყველა მოქალაქეს.

პატრიარქის მისალმების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

„3000 წელზე მეტი ხნის სახელმწიფოებრივი ისტორიის მქონე ჩვენმა ქვეყანამ წელს პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის გამოცხადებიდან 100 წლისთავი იზეიმა.

ეს ფაქტი მეტად მნიშვნელოვანია, რადგან დამოუკიდებლობა თავისუფლებასთანაა წილნაყარი და, ამდენად, ღვთისგან ბოძებული დიდი სიკეთეა.

განსაკუთრებულია ხელისუფლების პასუხისმგებლობა თავის მოქალაქეებთან მიმართებაში და ხალხის პასუხისმგებლობაც, ქვეყანასთან მიმართებაში.

ერთის მხრივ დაცული უნდა იყოს ადამიანის უფლებები, ამასთან, თანამედროვე ყოფაში უნდა მოხდეს ტრადიციული ღირებულებების, სულიერ-კულტურული და ინტელექტუალური პოტენციალის განვითარება, ტერიტორიული მთლიანობისთვის ზრუნვა, ენის სიწმინდის დაცვა და რწმენის განმტკიცება, რომ ქვეყანამ სწორი პასუხი გასცეს დროის გამოწვევებს.

საქართველოს ყველა მოქალაქეს, ყველა ქართველს ვულოცავთ ამ საიუბილეო თარიღს და ვუსურვებთ ღვთისა და ქვეყნისათვის ერთგულ მსახურებას“, - აღნიშნა პატრიარქმა წმინდა სინოდის სხდომაზე მისასალმებელ სიტყვაში.