რედაქტორისგან
თუ პრემიერი ბახტაძე მთავრობას ისეთი მინისტრებისგან ჩამოაყალიბებს, როგორიც გიორგი გახარიაა, ეს მთავრობა წარმატებული იქნება! - არნო ხიდირბეგიშვილი

     უცხოურ, ძირითადად - რუსულ და უკრაინულ მედიას გასულ კვირას ყველაზე მეტად აინტერესებდა პროგნოზი - როგორი იქნება საქართველოს ახალი მთავრობა, რას მოუტანს ქვეყანას ახალი 50-პუნქტიანი სამთავრობო პროგრამა „თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა“, რომელიც გულისხმობს სტრუქტურულ რეორგანიზაციას - ოპტიმიზებული კომპაქტური მთავრობის კონცეფციას, ეკონომიკური ინსტიტუტების რეფორმირებას, საგადასახადო რეგულაციების მოდიფიკაციას და საკადრო ცვლილებებს. ამ შეკითხვებს საქინფორმის მთავარი რედაქტორი არნო ხიდირბეგიშვილი უპასუხებს.

ა.ხ.: სამწუხაროა, რომ გამუდმებით ოპოზიციაში მყოფი „ჩამოწერილი“ პოლიტიკოსები - უსუფაშვილი, ვაშაძე, ბურჯანაძე, პრეზიდენტ მარგველაშვილის აპარატის თანამშრომლები, მთელი საპარლამენტო ოპოზიცია და ცნობილი კონფორმისტები - ქართველი „ექსპერტები“ აპრიორი წინასწარმეტყველებენ საქართველოში სამთავრობო რეფორმის კრახს და მინისტრობის პრაქტიკულად ყველა კანდიდატს სასაცილოდ იგდებენ. როგორც ჩანს, მათ ხელისუფლებაში საკუთარი არამოთხოვნადობის და ხალხში არაპოპულარულობის გამო წყენა ალაპარაკებს. ამით ისინი თავისი არაობიექტურობისა და ანგაჟირებულობის დემონსტრაციას ახდენენ, რის უფლებასაც შორსმჭვრეტელი პოლიტიკოსები თავს არასოდეს აძლევენ.

არადა, როდესაც სწორედ ეს კრიტიკოსები ხელისოფლებაში იყვნენ, შეეძლოთ, მაგრამ ახალი და კარგი არაფერი გაუკეთებიათ, და დღესაც, პრემიერ ბახტაძის გეგმების გაკრიტიკებისას, არ სთავაზობენ თავის ვარიანტებს ქვეყნის გამოსაყვანად იმ კრიზისიდან, რომელშიც თვითონ შეიყვანეს! საოცარია, რომ სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურის რიგითი თანამშრომლები - ეკონომიკური ბლოკიდან სამართალდამცველებამდე - რომლებთანაც სამსახურებრივად მიწევს ურთიერთობა, ხშირად ავლენენ პესიმიზმს და „წარსული დროის“ ცუდად დაფარულ ნოსტალგიასაც კი. შევნიშნავ, რომ ასეთი რევოლუციური ინსტიტუციური რეფორმები, როგორიც დღეს არის დაგეგმილი, მათ ფარულ კერპს – „რეფორმატორ და დემოკრატ“ სააკაშვილს რომ შემოეთავაზებინა, პიარი გამაყრუებელი იქნებოდა! რატომღაც ყველას დაავიწყდა, რომ სააკაშვილის თითქმის ყველა რეფორმა გულისხმობდა არა ისედაც „გაბერილი“ სახელმწიფო აპარატის შეკვეცას, არამედ დუბლირებადი ფუნქციების მქონე პარალელური სტრუქტურების შექმნას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ადეპტების დასაქმებისთვის, და ზემოთ ნახსენები სახელმწიფო მოხელეები ამ პარტიის მიმართ გულში დღესაც სიმპათიით არიან განწყობილი. ამას, უბრალოდ, ახსნას ვერ ვუძებნი - ისინი ხომ დასაქმებული არიან?! იქნებ კადრების შემცირების გამო სამსახურის დაკარგვის ეშინიათ?

„ბოლომდე მისვლა“ ვერც წინა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა შეძლო, თუმცა გასული წლის მიწურულს მინისტრთა კაბინეტის პირველი შემცირება მოახდინა 18-დან 14 სამინისტრომდე. სტრუქტურულ რაციონალიზაციას მისი წინამორბედი - ირაკლი ღარიბაშვილიც ახორციელებდა, მაშინ ეს, ძირითადად, სპეცსამსახურებს ეხებოდა, ხოლო პირველმა პრემიერმა „ქართული ოცნებიდან“ ბიძინა ივანიშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოება (საკონსტიტუციო უსაფრთხოების დეპარტამენტი) შსს-ს შემადგენლობიდან ცალკე დამოუკიდებელ სტრუქტურად - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურად - გამოიყვანა.

- თუკი რეფორმები, ასე თუ ისე, ტარდებოდა, მაშინ რა გახდა პრემიერების ღარიბაშვილისა და კვირიკაშვილის მოულოდნელი გადადგომის მიზეზი? ისინი ეკონომიკური თვალსაზრისით არასაკმარისად „თვითკმარები“ აღმოჩნდნენ თუ აქ პოლიტიკური მოტივებია ჩარეული? გავრცელებული ვერსიის - რომ ეს საქართველოს ლიდერის, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის „ბავშვური“ ახირება იყო, სიმართლე გითხრათ, ნაკლებად მჯერა...

- გავიგე თქვენი შეკითხვა. მინდა, უცხოურ აუდიტორიას, ვინც საქმის კურსში არ არის, ვაცნობო, რომ თქვენ მიერ დასახელებული ორივე ექსპრემიერი მმართველი პარტიის დამფუძნებლისა და ლიდერის ბიძინა ივანიშვილის კანდიდატურები და მისივე ბიზნესსტრუქტურების მენეჯერები იყვნენ. სწორედ ივანიშვილის ინიციატივით დაიწყო და, რფ-ის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის მარია ზახაროვას თქმით, „წარმატებით განხორციელდა ქართულ-რუსული ურთიერთობის ნორმალიზების“, მისი „ღრმა კრიზისიდან გამოყვანის პროცესი, რომელშიც მიხეილ სააკაშვილმა შეიყვანა“. ეს ფაქტი არაერთხელ აღუნიშნავს რუსეთის საგარეო უწყებაში საქართველოს მიმართულების კურატორს, მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინს და რუსეთის სხვა ხელმძღვანელებს.

ასევე არადამაჯერებლად ჟღერს არგუმენტი, რომ ირაკლი ღარიბაშვილს პოსტის დატოვება, ვითომდა, „დასავლურ ღირებულებებთან შეუსაბამო“ განცხადების მერე მოუხდა, რომ „ქორწინება ქალისა და მამაკაცის კავშირია“. კიდევ უფრო არარეალურად გამოიყურება ვერსია, რომ გიორგი კვირიკაშვილი ვაშინგტონმა დაითხოვა, იმიტომ რომ ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოსთან პირისპირ საუბრისას ლამის თვალზე ცრემლმომდგარმა აღიარა რუსეთისადმი კეთილგანწყობილი დამოკიდებულება და ის, რომ ბებია რუსი ჰყავდა...

- თუკი პოლიტიკა აქ არაფერ შუაშია, ესე იგი, მხოლოდ ეკონომიკა და მენეჯმენტი?

- დიახ. და, როგორც შედეგი, საქართველოს მოქალაქეთა უმრავლესობის მძიმე სოციალური მდგომარეობა. აბა, წარმოიდგინეთ - აღმოჩნდა, რომ დღეს 650 ათასი ადამიანი ბანკების ეგრეთ წოდებულ „შავ სიაშია“! ამის შესახებ პირველმა სწორედ ახალმა პრემიერმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა პარლამენტში პირველი გამოსვლის დროს, როდესაც ილაპარაკა „მოსახლეობის ჭარბვალიანობაზე, რომელიც დღეს ქვეყანას ახრჩობს“. ახლა კი მოდით, ვიანგარიშოთ: დღეს საქართველოში რეალურად მუდმივად 2 მილიონზე ცოტა მეტი მოქალაქე ცხოვრობს, რომელთა 30%, საქსტატის მონაცემებით, ბავშვები და პენსიონერები არიან. ესე იგი, შრომისუნარიანი - 15-დან 64 წლამდე - 1 მილიონ 400 ათასი ადამიანია. და მათგან 630 ათასი, ეს კი 45%-ია, ბანკებს აღებულ კრედიტებს ვერ უბრუნებს და პროცენტების გადახდაც კი არ შეუძლია! რა დროს საკუთარი მცირე ბიზნესის წამოწყებაზე ან თუნდაც ახალი მაცივრის ყიდვაზე ლაპარაკია, როდესაც ქვეყნის შრომისუნარიანი მოსახლეობის თითქმის ნახევარი - პენსიონერი მშობლებითა და შვილებით - გაჭირვებულ მდგომარეობაშია?! მათ ბანკები სდევნიან, რაც, ჩვეულებრივ, აღმასრულებელი პოლიციის მიერ უკანასკნელი ქონების კონფისკაციით და აუქციონზე გაყიდვით მთავრდება...

ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ პრემიერ ბახტაძის რეგულაციებს, რომლებიც საბანკო სექტორის „თავაშვებულობის“ მოთოკვაზეა მიმართული, აგრეთვე სამინისტროების რიცხვის შემცირებას 14-დან 10-მდე მათი შერწყმის გზით - ფინანსთა სამინისტროს - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროს - იუსტიციის სამინისტროსთან, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადასახლებულ პირთა, განსახლების და დევნილთა სამინისტროს - შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროსთან, კულტურისა და სპორტის სამინისტროს - განათლების სამინისტროსთან - უზარმაზარი ეფექტი ექნება. მითუმეტეს, რომ გათვალისწინებულია სხვა ნაბიჯებიც, რომლებიც სახელმწიფო ბიუჯეტს - ანუ ჩვენ ყველას - უფრო თავისუფლად ამოსუნთქვის საშუალებას მისცემს. ეს ეხება ოპერაციების გარკვეული კატეგორიის დღგ-სგან გათავისუფლებასაც და 2013 წლამდე არსებული ყველა საგადასახადო დავალიანების ჩამოწერასაც.

- ახალმა პრემიერმა ბახტაძემ განაცხადა, რომ სამი კვირის შემდეგ, ანუ ივლისში, ახალ კომპაქტურ მთავრობაში „ახალი სახეები“ გამოჩნდებიან, გამორიცხული არ არის - აშშ-დან და ევროპიდან მოწვეულებიც კი. გაამართლებს თუ არა ამგვარი საკადრო ექსპერიმენტი?

- მნიშვნელობა არ აქვს - საიდან, მე თუ მკითხავთ, ქართველი საზოგადოებისთვის რაც უფრო ნაკლებად ცნობილები, თბილისის „ელიტურ“ გარემოში არაინტეგრირებულები იქნებიან, მით უკეთესი იქნება საქმისთვის! ეს პატარა საქართველოში ნეპოტიზმის შეზღუდვის საშუალებას მისცემს, სადაც ყველა ვიღაცის ნათესავი და მეგობარია, პირობითად ერთმანეთთან სხვადასხვა ვალდებულებით არის დაკავშირებული. მთავარია, რომ ისინი პროფესიონალი მენეჯერები იყვნენ. ამასთან დაკავშირებით არ შემიძლია, არ აღვნიშნო, რომ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ, რომელიც ეკონომიკისა და საგარეო პოლიტიკის სპეციალისტია, მოკლე დროში აჩვენა თავი პროფესიონალად ამ, მისთვის ახალ თანამდებობაზეც სპეციფიკურ სამართალდამცავ სფეროში, რამაც, ვაღიარებ, სასიამოვნოდ გამაკვირვა! გახარიამ საოცარი რეფორმა წამოიწყო - ქვეყნის მთავარი სპეცსამსახურის (მისი უზარმაზარი სპეცდანაყოფებითა და მესაზღვრეებით) გაერთიანება ადამიანის უფლებების დაცვის ინსტიტუტებთან შსს-ს სტრუქტურაში, რასაც თავიდან, ცოტა არ იყოს, სკეპტიკურად ვუყურებდი. თუკი დანარჩენი მინისტრებიც ისეთივე ეფექტიანი ნოვატორები აღმოჩნდებიან, როგორიც გახარიაა, საქართველოს ახალი მთავრობა, რაღა თქმა უნდა, ძალიან წარმატებული იქნება!

საქართველო, თბილისი
2018 წლის 25 ივნისი