საზოგადოება
ენერგო დახმარების მიშასეული პრინციპი

mricxveliiსაქართველოს ხელისუფლებამ 10 თებერვლიდან ქვეყნის მასშტაბით ენერგოვაუჩერების დარიგება დაიწყო, რაც მოსახლეობისთვის 20 ლარის შეღავათს ითვალისწინებს. დახმარება ერთჯერადია და, როგორც თავიდან განაცხადეს, იგი საქართველოს ყველა მოქალაქეს უნდა დარიგებოდა, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ აღნიშნულ შეღავათს მხოლოდ ეგრეთ წოდებული აქტიური აბონენტები მიიღებენ, ანუ ამ დახმარების ღირსი მხოლოდ ის ოჯახები  გახდებიან, რომლებმაც ბოლო 6 თვის განმავლობაში არანაკლებ 200 კილოვატი ელექტროენერგია მოიხმარეს.

ამ დახმარების ლოგიკა თავად განსაჯეთ, ანუ ეხმარებიან ადამიანებს, რომლებიც მეტ ელექტრო ენერგიას ხარჯავენ, ვიდრე ოჯახები, რომლებიც, უსახსრობის გამო, ეკონომიას საკუთარ თავსა და ოჯახის წევრებზე აკეთებენ და თავს უფლებას არ აძლევენ, რომ ელექტროენერგია არაეკონომიურად მოიხმარონ.

საქინფორმს თბილისში მცხოვრები ქალბატონი დაუკავშირდა, რომელიც აცხადებს, რომ იგი ყველა იმ პირობას აკმაყოფილებს, რომელიც ხელისუფლებამ დახმარების გაწევის მიზნით დაადგინა, თუმცა მას სოცაგენტმა ვაუჩერი მაინც არ მიუტანა:

„ რა თქმა უნდა, გამიხარდა, როდესაც გავიგე, რომ ხელისუფლება, როგორც იქნა, რამეში დახმარებას გვიწევდა ქართველებს და უკვე დაანგარიშებულიც მქონდა, რამდენის გადახდა მომიწევდა თებერვლის თვეში. საშუალოდ ჩემი ოჯახი ელექტროენერგიისათვის ყოველ თვიურად 45–50 ლარს ვიხდით და, შესაბამისად, ამ თვეში ვიცოდი, რომ მხოლოდ 30 ლარის გადახდა მომიწევდა, მაგრამ ნურას უკაცრავად. სოცაგენტმა, რომელმაც ჩემს მეზობელს მიუტანა ვაუჩერი, მე განმიცხადა, რომ ამ სიაში ვერ მოვხვდი. შემდეგ გადავიანგარიშე და ვიფიქრე, რომ, ალბათ, 200 კილოვატს არ ვაწერინებთ ეკონომიის გამო–თქო, მაგრამ 200 კილოვატი მხოლოდ 32 ლარია, რადგან კილოვატი თელასის დადგენილი ტარიფით 16 თეთრი ღირს, მე კი ყოველ თვე, როგორც უკვე გითხარით, 50 ლარს ვიხდი. სად ვიჩივლო ან რა აზრი აქვს? მაინც ყველაფერი ისე დარჩება, როგორც მათ აწყობთ. მე აქტიური აბონენტების სისტემაც არ მესმის. დახმარება იმას უნდა გაუწიო, ვინც ცოტას ხარჯავს, ესე იგი უჭირს და თავს ამ „ფუფუნების“ უფლებას არ აძლევს. აბა, ვისაც ბევრი ფული აქვს, იმას მათი 20–ლარიანი ვაუჩერიც არაფერში სჭირდება“.