საზოგადოება
პედაგოგებს, რომლებმაც გარედაკვირვების ფორმატში კომპეტენცია დაადასტურეს, ხელფასი მოემატებათ - მამუკა ბახტაძე

     საქართველო, 21 ივნისი, საქინფორმი. პედაგოგები, რომლებმაც გარედაკვირვების ფორმატში კომპეტენცია დაადასტურეს, სტატუსს შეიცვლიან და მათ ხელფასი მოემატებათ, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ახალი სასწავლო წლიდან დამატებით 7 ათასზე მეტი მასწავლებელი ახალი სტატუსით დაიწყებს საქმიანობას და მათი საერთო რაოდენობა 25 ათასს გადააჭარბებს.

რაც შეეხება მასწავლებელთა კატეგორიას, რომლებსაც ნაკლები სამუშაო საათები აქვთ, მამუკა ბახტაძის თქმით, ყველას, ვისაც სურს, სრული დატვირთვით იმუშაოს და გაზრდილი ანაზღაურება მიიღოს, სრული საათებით მუშაობას შესთავაზებენ და მათ ნებაზე იქნება დამოკიდებული, დათანხმდებიან თუ არა შეთავაზებას.

პედაგოგების ანაზღაურებასთან დაკავშირებით კითხვები მამუკა ბახტაძეს პარლამენტის სხდომაზე დეპუტატებმა დაუსვეს.
1tv.ge