შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქართველიშვილის ქუჩაზე მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა
სამართალი
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქართველიშვილის ქუჩაზე მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა

     საქართველო, 15 ივნისი, საქინფორმი. შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივებისა და გლდანი-ნაძალადევის სამმართველოების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1992 წელს დაბადებული .. განზრახ მკვლელობის ბრალდებით თბილისში, ცხელ კვალზე დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულმა მიმდინარე წლის 14 ივნისს, გამთენიისას თბილისში, ქართველიშვილის ქუჩაზე ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ბლაგვი საგნით თავის არეში სასიკვდილო დაზიანება მიაყენა 1984 წელს დაბადებულ .-, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე წუთში, შემთხვევის ადგილის მახლობლად შენიშნეს. ლ.ჩ-ს სხეულზე ფიზიკური დაზიანების კვალი აღენიშნებოდა. იგი პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშ სამედიცინო დაწესებულებაში იქნა მოთავსებული, სადაც შესაბამისი დახმარება გაეწია.

მას შემდეგ, რაც სამართალდამცველებმა ექიმებისგან ინფორმაცია მიიღეს, რომ ბრალდებულის სიცოცხლესa და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრებოდა, იგი დაუყოვნებლივ დააკავეს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით მიმდინარეობს.