აშშ-მა რუსეთის და სირიის მოქალაქეებს სანქციების დარღვევისთვის ბრალი წაუყენა
უცხოეთი
აშშ-მა რუსეთის და სირიის მოქალაქეებს სანქციების დარღვევისთვის ბრალი წაუყენა

     საქართველო, 14 ივნისი, საქართველო. აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ რუსეთის ხუთ და სირიის სამ მოქალაქეს, ამერიკული სანქციების დარღვევისთვის ბრალი წაუყენა. როგორც BBC იტყობინება, მათ 25 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

უწყების განცხადებით, ხუთი ბრალდებული რუსული კომპანია „სოვფრახტის“ თანამშრომელია, კიდევ ერთი პირი სირიაში, აღნიშნული კომპანიის ინტერესების წარმომადგენელია, ორი კი ქალაქ ბანიასის პორტის ინსპექტორები არიან. ყველა მათგანს ბრალად ედება საერთაშორისო საგანგებო ეკონომიკური უფლებამოსილების შესახებ აქტის დარღვევა და ფულის გათეთრება. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ისინი სირიას ამერიკული სანქციების გვერდის ავლით, საავიაციო საწვავს აწვდიდნენ.

„როგორც დადგინდა, ბრალდებულებმა გარიგება დადეს სირიისა და ყირიმის წინააღმდეგ ჩვენი სანქციების დარღვევის მიზნით, რაც წარმოადგენს საფრთხეს როგორც რეგიონში ამერიკული ინტერესებისთვის, ისე ჩვენი საგარეო პოლიტიკისა და ნაციონალური უსაფრთხოებისთვის“, – განაცხადა აშშ-ის გენერალური პროკურორის თანაშემწემ, ჯონ დემერსმა.

აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ 2016 წელს კომპანოა „სოვფრახტს“ ანექსირებულ ყირიმში საქმიანობის გამო სანქციები დაუწესა.

1tv.ge