საქართველოში უკეთესი გზებია, ვიდრე სომხეთში
საზოგადოება
საქართველოში უკეთესი გზებია, ვიდრე სომხეთში

     საქართველო, 8 ივნისი, საქინფორმი. მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმამსოფლიოში გზების ხარისხის მიხედვით გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსი გამოაქვეყნა. ანგარიშში შეფასებულია 2017-2018 წლებში 137 ქვეყნის გზების ინფრასტრუქტურის ხარისხი.

საქართველოში გზების მდგომარეობა შვიდბალიანი შეფასებით 3,8 ქულით შეფასდა და ქვეყანა ამ მაჩვენებლით 82- ადგილზეა. იგივე ქულები ერგო სამხრეთ აფრიკაში მდებარე ბოტსვანის რესპუბლიკას და ცენტრალური ამერიკის სახელმწიფო ჰონდურასს.

შვეიცარიული ორგანიზაციის ანგარიშში საქართველოში ბიზნესის წარმოებისთვის ყველაზე პრობლემური ფაქტორებია ჩამოთვლილი. მათ შორის არის უმაღლესი განათლების მქონე სამუშაო ძალის არაადეკვატურად გამოყენება, მწირი სამუშაო ეთიკა, ინფლაცია და პოლიტიკური არასტაბილურობა. ანგარიშის მიხედვით, აღნიშნული მდგომარეობიდან გამომდინარე, ქვეყანაში გზების ინფრასტრუქტურა საშუალოზე დაბლა დგას.

რაც შეეხება რეგიონის ქვეყნებს, სომხეთი 3,7 ქულით 85-ე ადგილზეა, აზერბაიჯანი 4,8 ქულით 36-ეზე, თურქეთი 5,0 ქულით 30-ე პოზიციაზეა, რუსეთი 2,9 ქულით - 114-ზე.

საგულისხმოა, რომ მაქსიმალური ქულა არავისთვის მიუნიჭებიათ. გლობალური კონკურენტუნარიანობის ანგარიშში გზების ინფრასტრუქტურით პირველ ადგილზე 6,4 ქულით არაბთა გაერთიანებული საამიროები გავიდა. მეორე ადგილი კი სინგაპურმა და შვეიცარიამ 6,3-ქულიანი შეფასებით გადაინაწილეს.

რაც შეეხება ბოლო ადგილებს, გზების ინფრასტრუქტურის ყველაზე რთული მდგომარეობა მავრიტანიაშია. აფრიკის ჩრდილო-დასავლეთში მდებარე ქვეყანამ მხოლოდ 2 ქულის მოგროვება მოახერხა.