უცხოეთი
ვლადიმერ პუტინი - მესამე მსოფლიო ომი შესაძლოა, დღევანდელი ცივილიზაციის დასასრული გახდეს

     საქართველო, 8 ივნისი, საქინფორმი. ვლადიმერ პუტინი მიიჩნევს, რომ რუსეთის შეკავების პოლიტიკა მცდარია. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა მოსახლეობის შეკითხვებზე პასუხისას განცხადა.

„ეს არის რუსეთის შეკავების ერთ-ერთი ხერხი ისევე, როგორც ავადსახსენებელი სანქციები. გაუთავებელი ბრალდებები ქმნის რუსეთის განვითარების შეკავების გამოყენების ბაზას, როგორც ამას მიიჩნევენ ისინი, ვინც ამგვარ ზომებს მიმართავენ, რადგან რუსეთში საფრთხეს ხედავენ. ხედავენ, რომ რუსეთი მათთვის კონკურენტს წარმოადგენს. ჩემი წარმოდგენით, ეს არის ძალიან მცდარი პოლიტიკა, რადგან ვინმეს, მათ შორის რუსეთის შეკავება კი არა, კონსტრუქციული ურთიერთობების ჩამოყალიბებაა საჭიროა. მაშინ მსოფლიო ეკონომიკისთვის საერთო ეფექტი მხოლოდ პოზიტიური იქნება“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

მისივე თქმით, რუსეთის მრავალი პარტნიორი ამას უკვე აცნობიერებს.

„ხომ ხედავთ, რა ხდება ბევრ ქვეყანაში. იქ უკვე პოლიტიკურ დონეზე საუბრობენ ნორმალური ურთიერთობების ჩამოყალიბების აუცილებლობაზე. ყველა ქვეყანას საკუთარი ინტერესები გააჩნია, თუმცა მათი გადაწყვეტა არ უნდა მოხდეს პოლიტიკის ეგოისტური მეთოდებით, მათ შორის ეკონომიკური. ამას ჩვენი მრავალი პარტნიორი თანდათან აცნობიერებს. ვიმედოვნებ, რომ პროცესი დაჩქარდება“, – აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.

ვლადიმერ პუტინის თქმით, რუსეთმა უნდა დაიცვას თავისი ინტერესები როგორც ეკონომიკის, ისე უსაფრთხოების სფეროებში თანმიმდევრულად, თუმცა არა უხეშად და თავხედურად.

„ჩვენ ამას ვაკეთებდით და გავაკეთებთ. თუმცა ყოველთვის მივისწრაფოდით კომპრომისებისკენ. ზეწოლა დასრულდება მაშინ, როდესაც ჩვენი პარტნიორები დარწმუნდებიან, რომ მათ მიერ გამოყენებული მეთოდები არაეფექტიანი, კონტრპროდუქტიული და საზიანოა ყველასთვის, და რომ საჭიროა რუსეთის ფედერაციის ინეტერსების გათვალისწინება“, – განაცხადა პუტინმა.

„პირდაპირი ხაზი“ ვლადიმერ პუტინთან უკვე მეთექვსმეტედ იმართება. ორგანიზატორების მონაცემებით, სულ ორი მილიონამდე კითხვაა შესული.

შეკითხვაზე იქნება, თუ არა მესამე მსოფლიო ომი, პუტინმა აინშტაინის ფრაზით უპასუხა. „ მე არ ვიცი, რა საშუალებებს გამოიყენებენ მესამე მსოფლიო ომში, თუმცა მეოთხეში გამოიყენებენ ქვებსა და ჯოხებს. იმის გაცნობიერებამ, რომ მესამე მსოფლიო ომი შესაძლოა, დღევანდელი ცივილიზაციის დასასრული აღმოჩნდეს, უნდა შეგვაკავოს საერთაშორისო არენაზე უკიდურესი და საგანგებოდ საშიში ქმედებებისგან“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

1tv.ge