უცხოეთი
აშშ-ის სპეციალურმა პროკურორმა პოლ მანაფორტი მოწმეებზე ზეწოლაში დაადანაშაულა

     საქართველო, 6 ივნისი, საქინფორმი. ამერიკის შეერთებული შტატების სპეციალურმა პროკურორმა, რობერტ მიულერმა პოლ მანაფორტი მოწმეებზე ზეწოლაში დაადანაშაულა. ცნობას საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

რობერტ მიულერის თქმით, დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიის ყოფილი ხელმძღვანელი ორ მოწმესთან დაკავშირებას ტელეფონით და სოციალური ქსელის საშუალებით არაერთხელ შეეცადა, რის შემდეგაც სპეციალურმა პროკურორმა კოლუმბიის რაიონულ სასამართლოს თხოვნით მიმართა.

მიულერმა პირობების დარღვევის გამო პოლ მანაფორტისთვის შინა პატიმრობის გაუქმება მოითხოვა.
პოლ მანაფორტი 2016 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანიის დროს დონალდ ტრამპის შტაბს ხელმძღვანელობდა. 2017 წლის ოქტომბერში მის წინააღმდეგ საქმე აღიძრა.

მანაფორტი რამდენიმე წლის განმავლობაში უკრაინის პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის ინტერესების ლობირებაში, ასევე გადასახადებისაგან თავის არიდებაში დაადანაშაულეს. 2018 წლის თებერვალში მანაფორტის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებს თაღლითობისა და კონსპირაციული გარიგების შედეგად 30 მილიონი დოლარის გათეთრება დაემატა.

დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო შტაბის ყოფილი ხელმძღვანელი მის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებს ამ დრომდე უარყოფს.

1tv.ge