შანტაჟი თუ საბოტაჟი? - გუშინ თბილისში პირველად არ მუშაობდა მეტრო
საზოგადოება
შანტაჟი თუ საბოტაჟი? - გუშინ თბილისში პირველად არ მუშაობდა მეტრო

     საქართველო, 5 ივნისი, საქინფორმი. მე, როგორც თბილისის მერი, რომელიც ანგარიშვალდებულია მერიის მუნიციპალიტეტის 24000-ზე მეტი თანამშრომლისა და დედაქალაქში მცხოვრები მილიონ-ნახევარი მოსახლის წინაშე, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, არ დავუშვებ, რომ თბილისის მოსახლეობა დაზარალდეს შანტაჟისა და გაურკვეველი, სრულიად დაუსაბუთებელი ულტიმატუმების გამო, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახ კალაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

ის, რომ დღეს მეტროსადგურები არ მუშაობს და არ ემსახურება მგზავრთა გადაყვანას, შეიძლება შეფასდეს, როგორც შანტაჟი საკუთარი თანამოქალაქეების მიმართ.

მე არაერთხელ მითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში დასაქმებულია 24000-ზე მეტი თანამშრომელი, რომლებიც ასრულებენ ჩვენი დედაქალაქისთვის უმნიშვნელოვანეს სამუშაოს. ყოველი მათგანის შრომა არის საპასუხისმგებლო და დასაფასებელი. დაუშვებელია, შანტაჟის საფუძველზე მერიამ მიიღოს არასამართლიანი და უთანასწორო გადაწყვეტილებები. სხვა შემთხვევაში მე არ ვიქნები მართალი ბაგა-ბაღების პედაგოგების, სასწრაფო დახმარების ბრიგადების, დასუფთავების სამსახურის თანამშრომლების თუ სხვა სტრუქტურების წარმომადგენელთა წინაშე, რომლებიც 24 საათის განმავლობაში ზრუნავენ თბილისსა და თბილისელებზე.

ჩემი წინასაარჩევნო დაპირება იყო და კვლავაც რჩებავიზრუნოთ თბილისის ეკონომიკურ განვითარებაზე, რის შედეგადაც გაიზრდება და გაუმჯობესდება მოსახლეობის ცხოვრებისა და შრომითი პირობები. ცხადია, ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა გავაუმჯობესოთ ეკონომიკური ვითარება და დასაქმებულთა შრომითი მდგომარეობა“, – აღნიშნა კახი კალაძემ.

მეტროს მემანქანეები გუშინ დილიდან გაიფიცნენ. გაფიცვის გამო ყველა მეტროსადგური დაიკეტა. პირველი არხის ჟურნალისტის ცნობით, მეტროსადგურ „ვაგზლის მოედანზე“ დილის 06:00 საათზე მოსახლეობას მეტროს შესასვლელში დახვდა წარწერა „მეტრო დაკეტილია, გთხოვთ ისარგებლოთ ავტობუსებით. ავტობუსები მოგემსახურებათ უფასოდ”.

მეტროს მემანქანეებმა გლდანის დეპოს ტერიტორიაზე აქცია გამართეს.

საქინფორმი არ გამორიცხავს, რომ მეტროპოლიტენის თანამშრომელთა ქმედებები შემთხვევით როდი დაემთხვა თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციას, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ექსმმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ არის ორგანიზებული მოქმედი ხელისუფლების დამხობის მიზნით, არამედ პროვოცირებული იქნა სწორედ მითითებული დესტრუქციული პოლიტიკური ძალისა და მისი სატელიტების მიერ. ასეთ შემთხვევაში მეტროს გაჩერებას, რომელიც დღეში 400 ათასზე მეტ თბილისელს და დედაქალაქის სტუმარს ემსახურება, უნდა მიეცეს არა შანტაჟის, არამედ საბოტაჟის კვალიფიკაცია.