მოძრაობა "თავისუფალი საქართველოს" ახმეტის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის განცხადებით, ახმეტაში 34 საბავშვო ბაღის 500-მდე აღმზრდელი მოატყუეს.
როგორც"საქინფორმს" მოძრაობის წარმომადგენელმა ოთარ კვირიკაშვილმა განუცხადა, გასული წლის 28 დეკემბერს მუნიციპალიტეტის ყველა საბავშვო ბაღის აღმზრდელს ხელშეკრულება შეუჩერეს, იმ მიზეზით, რომ ბაღებში რეორგანიზაცია უნდა განხორციელებულიყო, რეალურად კი მხოლოდ ბაღების ცენტრის დირექტორის შტატი დაამატეს."რეორგანიზაციის გამოცხადების შემდეგ ხელშეკრულება 500-მდე აღმზრდელს შეუწყდა და შესაბამისად, ხელფასები აღარ მისცეს. ახლა კი ახალი ხელშეკრულებები გაუფორმეს, რომელსაც პირადი ნომერი არ გააჩნია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სამართლებრივად ხელშეკრულებას არანაირი ძალა არ აქვს", - განაცხადა ოპოზიციონერმა ოთარ კვირიკაშვილმა. მან შესაბამის ორგანოებს ფაქტით დაინტერესება და აღმზრდელების უფლებების დაცვაც სთხოვა.
ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებელის კობა მაისურაძის განმარტებით, სამი ბაღის გაერთიანება მოხდა. საკრებულოს გადაწყვეტილებით განხორციელდა რეორგანიზაცია, რის შემდეგაც გაუქმდა ბაღების გაერთიანება და შეიქმნა ბაღების ცენტრი. სწორედ ამ მიზეზით აღმზრდელები გათავისუფლდნენ და თანამდებობებზე თავიდან დაინიშნენ, რომლებსაც ხელფასებიც აუნაზღაურდათ. რაც შეეხება ხელშეკრულებების პირად ნომრებს, მაისურაძემ განაცხადა, რომ ყველა თანამშრომლის ხელშეკრულებას პირადი ნომერი გააჩნია და ამ ინფორმაციის მიღება საჯაროა."