საქინფორმი გვაფრთხილებს იმ სარგებლობისა და საფრთხეების შესახებ, რომლებსაც საქართველოში ორმაგი მოქალაქეობის შემოღება გამოიწვევს
პუბლიკაციები
საქინფორმი გვაფრთხილებს იმ სარგებლობისა და საფრთხეების შესახებ, რომლებსაც საქართველოში ორმაგი მოქალაქეობის შემოღება გამოიწვევს

     საქართველო, 31 მაისი, საქინფორმი. როგორც უკვე იუწყებოდა საქინფორმი, საქართველოს საკანონმდებლო ორგანო მოქალაქეობის შესახებ" კანონში შესწორებების განხილვას იწყებს, რომელთა თანახმად, იზღუდება პრეზიდენტის უფლებები მოქალაქეობის მინიჭების ან შეწყვეტის ნაწილში. კანონპროექტის ავტორია პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი. დოკუმენტის განმარტებაში აღნიშნულია, რომ შესწორებები საქართველოს კონსტიტუციის ცვლილებებმა განაპირობა. ქვეყნის მთავარი კანონის ახალი რედაქციით, საქართველოს მოქალაქეობა, სხვა ქვეყნის პასპორტის მიღების შემთხვევაში, უნდა შენარჩუნდეს.

მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, მოქალაქეობის მინიჭების გადაწყვეტილებას საქართველოს პრეზიდენტი იღებს მოქალაქეობის საკითხებში კომისიის რეკომენდაციებით. კომისია იღებს უცხოეთის მოქალაქეების განაცხადებს და შერჩევის შემთხვევაში ხელმოწერისთვის პრეზიდენტს უგზავნის. საბოლოო გადაწყვეტილებას სწორედ პრეზიდენტი იღებს. შესწორებების დამტკიცების შემთხვევაში მოქალაქეობის მიღება, შეწყვეტა ან დაკარგვა განისაზღვრება კომისიის დადგენილებით და არა პრეზიდენტის ბრძანებით. ამასთან ერთად სახელმწიფოს მეთაურს ამა თუ იმ ადამიანისთვის მოქალაქეობის მინიჭება კომისიის გვერდის ავლითაც შეუძლია. კანონპროექტის მიღების შემდეგ კი პრეზიდენტისადმი მიმართვა გამონაკლისის სახით მოქალაქეობის მიღების თაობაზე უკვე აღარ იქნება შესაძლებელი.

საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, ამჟამად ქვეყნის მოქალაქეობის მიღება შესაძლებელია ჩვეულებრივი წესით - თუ უცხოეთის მოქალაქე ცხოვრობს საქართველოში 5 წლის განმავლობაში, იცის ქართული ენა, მუშაობს ან ქვეყანაში ქონება აქვს. შესწორებების თანახმად, 5-წლიანი ვადა 10 წლამდე გაიზრდება. გამარტივებული წესით მოქალაქეობის მიღების შემთხვევაში კი 2-წლიანი ვადა 5 წლამდე იზრდება.

გარდა ამისა, შესწორებების თანახმად, საქართველოს მოქალაქე ერთდროულად შეიძლება იყოს სხვა ქვეყნის მოქალაქეც. თუ საქართველოს მოქალაქე, რომელიც სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღებას აპირებს, გადაწყვეტს ქართული მოქალაქეობის შენარჩუნებას, მან ამის შესახებ სახელმწიფოს წინასწარ უნდა აცნობოს. ამასთან, ადამიანი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგი პირობებიდან ერთს: მისი ოჯახის ერთი წევრი მაინც უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე ან ადამიანი მინიმუმ 5 წელი უნდა ცხოვრობდეს ან მუშაობდეს საქართველოში კანონიერად.

სიახლეს წარმოადგენს ასევე მოქალაქეობის აღდგენის უფლება. კერძოდ, საქართველოს ყოფილი მოქალაქე, რომელმაც მოქალაქეობა სხვა ქვეყნის პასპორტის მიღების გამო დაკარგა, კანონის ამოქმედებიდან ერთი წლის განმავლობაში მიიღებს უფლებას, მიმართოს სააგენტოს მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნით.

საქინფორმმა ახალი კანონის ზოგიერთი დადებითი და უარყოფითი შედეგი განიხილა.

კარგია, რომ რუსეთში მილიონიანი ქართული დიასპორის წარმომადგენლები, ასევე ქართული დიასპორები ახლო და შორეული საზღვარგარეთის ქვეყნებში შეძლებენ ამ ქვეყნების მოქალაქეობის მიღების დროს დაკარგული საქართველოს მოქალაქეობის დაბრუნებას. საქინფორმი მკითხველს შეახსენებს, აგრეთვე, იმ პოლიტიკურ სპეკულაციებს, რომლებიც სააკაშვილის მმართველი რეჟიმის მიერ იყო პროვოცირებული საქართველოს პრემიერ-მინისტრად საფრანგეთის მოქალაქე ბიძინა ივანიშვილის დანიშვნის დროს, ორმაგი მოქალაქეობის და საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის მექანიზმის არარსებობის პირობებში, რომელიც ერთპიროვნულად ქვეყნის პრეზიდენტის (იმ დროს - მიხეილ სააკაშვილის) ხელში იყო.

ცუდია, რომ საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის შესაძლებლობა, კანონმორჩილ მოქალაქეებთან ერთად, დამნაშავე ელემენტებსაც მიეცემათ, რომლებმაც ის მანამდე დაკარგეს და ამჟამად სხვა ქვეყნებში აფარებენ თავს, მაგალითად - იგივე მიხეილ სააკაშვილი. ამასთან დაკავშირებით, კარგია, რომ საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის საკითხს გადაწყვეტს არა ერთპიროვნულად საქართველოს პრეზიდენტი, არამედ მოქალაქეობის საკითხთა კომისია, რომლის შემადგენლობაში საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები შედიან. სწორედ მათ არ უნდა დაუშვან საქართველოს მოქალაქეობის აღდგენა მათთვის, ვისთანაც ქართულ მართლმსაჯულებას პრეტენზიები აქვს და ვინც ძებნაშია, როგორც, მაგალითად, სააკაშვილი. ეს - რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის პროცედურას.

საქინფორმი, აგრეთვე, შეშფოთებით მიაპყრობს ყურადღებას ერთგვარ დისბალანსს კანონპროექტში, კერძოდ - რომ საქართველოს მოქალაქეობის მიღება უფრო ძნელი გახდება (რაც თავისთავად დადებითი ფაქტორია, თუ გავითვალისწინებთ უკანონო მიგრანტების ნაკადებს თურქეთიდან, სირიიდან, ირანიდან, ინდოეთიდან, ჩინეთიდან და ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის სხვა ქვეყნებიდან, რომლებიც საქართველოში უძრავ ქონებას, ოჯახებს იძენენ და მომგებიან ბიზნესს იწყებენ, და უქონელი და უმუშევარი ადგილობრივი მოსახლეობის წინაშე დიდი უპირატესობები აქვთ), ვიდრე სხვა ქვეყნების მოქალაქეობის მიღება და საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება. ეს 2-მილიონიანი საქართველოს ავტოქტონური მოსახლეობის კიდევ უფრო მეტი გადინების საფრთხეს ქმნის, რაც ისედაც იყო პროვოცირებული შენგენის შეთანხმების ქვეყნებთან უვიზო რეჟიმის შემოღებით.

საქინფორმი აფრთხილებს, რომ საქართველოს ბევრი მოქალაქე მოისურვებს რუსეთის ფედერაციის, ასევე სომხეთისა და აზერბაიჯანის მოქალაქეობის მიღებას, მითუმეტეს, რომ ეს საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვას აღარ გამოიწვევს. ეს ეხება როგორც ეთნიკურ ქართველებს, ისე არაქართველ მოსახლეობას - ე.წ. ეროვნულ უმცირესობებს, რომლებიც კომპაქტურად ცხოვრობენ სამცხე-ჯავახეთის და ქვემო ქართლის რეგიონებში.
მაგალითად, სამცხე-ჯავახეთის მცხოვრებნი, იმისათვის, რომ სეზონურ სამუშაოზე რუსეთში ჩასულიყვნენ და იქ ლეგალურად დარჩენილიყვნენ, ხშირად ამბობდნენ უარს საქართველოს მოქალაქეობაზე და სომხეთის მოქალაქეობას იღებდნენ - ევრაზიული კავშირის ქვეყნის, რომელსაც, საქართველოსგან განსხვავებით, რუსეთთან უვიზო რეჟიმი აქვს. სად შეიძლება მიგვიყვანოს მსგავსმა პროცესმა, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მაგალითზე უკვე ვიცით.

საქინფორმი