რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: სანამ რუსეთს სტრასბურგში უჩივლებდით, სააკაშვილი საქართველოში უნდა გაგვესამართლებინა!

      საქინფორმის მთავარი რედაქტორი არნო ხიდირბეგიშვილი ბოლო კვირის საქართველოსთვის მთავარი მოვლენების კომენტარს აკეთებს.

- 2018 წლის 26 მაისს საქართველოში დამოუკიდებლობის დღეს და 1918 წელს გამოცხადებული საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს ზეიმობდნენ. მანამდე საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ამ თარიღთან დაკავშირებით 2018 წელი „თავისუფლების წლად“ გამოაცხადა. რისგან ან ვისგან დამოუკიდებლობას და თავისუფლებას აღნიშნავდნენ საქართველოში?

- ნებისმიერი ქვეყნის ისტორიაში არის ტრაგიკული და, ამავე დროს, სამარცხვინო ფურცლები, რომელთა შესახებ შორსმჭვრეტელი ხელისუფლება დუმილს ამჯობინებს. მაგალითად, გერმანელები შეურაცხყოფად მიიჩნევენ, როდესაც მათ ფაშისტური გერმანიის პერიოდს შეახსენებენ, ფრანგები და ევროპის სხვა ხალხები კი არ იხსენებენ, რომ ჰიტლერის მხარეს იბრძოდნენ.
უპასუხისმგებლო ხელისუფლება - პირიქით, წარსულის ყველაზე „შავ“ ფურცლებს გამოამზეურებს, როგორც, მაგალითად, პოროშენკოს ხელისუფლება ამაყობს დასავლეთ უკრაინელების ფაშისტური წარსულით და ბანდერელები და ვლასოველები უკრაინის თავისუფლებისთვის მებრძოლებად გამოჰყავს.

კიევის ხელისუფლებისგან შორს არც საქართველოს ხელისუფლება წასულა, რომელიც ერთი დღით ცხოვრობს და ყოველ 26 მაისს ჰოლივუდურ შოუს დგამს, ისტორიის უგულებელყოფით ან უხეში გაყალბებით. განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ უკრაინაში ხელისუფლებაში ბოროტი ჯამბაზები არიან, საქართველოს ხელისუფლებაში კი - კეთილი ჯამბაზები, რომლებიც არ მალავენ, რომ ყოველწლიურად რუსეთისგან დამოუკიდებლობას აღნიშნავენ. თუმცა, უცილობელი ფაქტები მოწმობენ, რომ ბოლო 100 წლის განმავლობაში საქართველო ერთი დღითაც არ ყოფილა დამოუკიდებელი - ის ყოველთვის დამოკიდებული იყო, როგორც დღეს!

- რას ემყარება თქვენი განცხადება? და კიდევ, გვითხარით - რატომ მიაჩნია საქართველოში ბევრს დამოუკიდებლობის დღედ არა 26 მაისი, არამედ 9 აპრილი, ზოგს კი - 31 მარტი?

- კი ბატონო. 1918 წლის 26 მაისს ქართული წარმოშობის რუსმა პოლიტიკოსმა, რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრმა დაარსების დღიდან (1898 წლიდან, მოგვიანებით, РСДРП-ს ცკ-ის წევრი), საქართველოს ეროვნული საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარემ, მენშევიკმა ნოე ჟორდანიამ საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობა გამოაცხადა, რომელმაც 1921 წლის 25 თებერვლამდე იარსება.
შეიძლება თუ არა, საქართველო ამ არასრული 3 წელიწადის განმავლობაში დამოუკიდებლად მივიჩნიოთ? არა, იმიტომ რომ ამ წლებში საქართველო ოკუპირებული იყო თურქეთის ჯარის, აგრეთვე გერმანელი და ინგლისელი ინტერვენტების ჯარების მიერ, რომლებიც საქართველოს ძარცვავდნენ და მის მოსახლეობას ამცირებდნენ. ისინი აქ მოიწვია არა რუსმა, არამედ ქართველმა ჟორდანიამ, რომელმაც შემდგომში, 1920 წლის 7 მაისს, საბჭოთა რუსეთთან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი მისი დამოუკიდებლობის ცნობის შესახებ! საქართველოს ისტორიის ეს ტრაგიკული და სამარცხვინო ფურცელი ჟორდანიას და მისი მენშევიკური მთავრობის ემიგრაციაში გაქცევით და საქართველოში მე-11 წითელი არმიის შესვლით დამთავრდა, რაც ასევე ქართველების - რუსეთის ხელისუფლებაში მყოფი სტალინისა და ორჯონიკიძის ხელმძღვანელობით განხორციელდა.

- დიახ, დამოუკიდებლობის 100 წელი, მითუმეტეს - რუსეთისგან, აღარ გამოდის. დარჩა 97 წელი - მათ შესახებ რას იტყვით?

- შემდგომი 70 წლიდან 69 საქართველოს სსრ-მ ერთიანი სსრკ-ის შემადგენლობაში გაატარა, რომლის ლიდერი რუსეთის ფედერაცია გახლდათ. და მიუხედავად იმისა, რომ ქართული წარმოშობის კიდევ ერთი რუსი ხელმძღვანელის - ლავრენტი ბერიას წყალობით ის ზღაპრულად გარდაისახა, ამ პერიოდში საქართველოსთვის დამოუკიდებელის დარქმევა არ შეიძლება.

- ამგვარად, 100-დან 27 წელი დარჩა: განა სსრკ-ის დაშლის შემდეგ საქართველომ სრული დამოუკიდებლობა არ მოიპოვა?

- 1991 წლის 31 მარტს ჩატარდა რეფერენდუმი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის შესახებ. რეფერენდუმში ამომრჩეველთა 90,5%-მა მიიღო მონაწილეობა, რომელთა 98,93%-მა ხმა მისცა სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობას. 1991 წლის 9 აპრილს, საერთო-სახალხო რეფერენდუმის შედეგებზე დაყრდნობით, საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ თავმჯდომარის - ზვიად გამსახურდის ხელმძღვანელობით მიიღო აქტი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის შესახებ, რომელმაც მოქმედად გამოაცხადა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტი და 1921 წლის კონსტიტუცია. მაშინ იქნა შემოღებული საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის თანამდებობაც, რომელიც ზვიად გამსახურდიამ დაიკავა. მან მხოლოდ 9 ტრაგიკული თვე იპრეზიდენტა (დამხობილი იქნა 1992 წლის 6 იანვარს სისხლიანი შეიარაღებული სახელმწიფო გადატრიალების შედეგად).

- ახლა გასაგებია. ესე იგი, 9 აპრილს აღინიშნება საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღე, რომელიც მან პირველად 1918 წლის 26 მაისს მიიღო. ამგვარად, 26 მაისი - საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების დღეა, 9 აპრილი - მისი აღდგენის დღე, ხოლო 31 მარტი - რეფერენდუმის თარიღი, რომელმაც ქართველი ხალხის უმრავლესობის ნება გამოხატა.

- რა თქმა უნდა. ოღონდ დამოუკიდებლობა მე და თქვენ ჯერ არსად დაგვიფიქსირებია...

- და 26 წელი გამსახურდიას შემდეგ - დღემდე?

- ამ 26 წლის განმავლობაში საქართველოს პრეზიდენტებმა შევარდნაძემ და სააკაშვილმა საქართველო აშშ-ს მიჰყიდეს, რაც საბოლოოდ დღევანდელმა ხელისუფლებამ დაასრულა. საქართველოს ექსმმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და ამჟამად მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ თითქოს ერთი ცირკის ორი ჯამბაზია - ბოროტი და კეთილი, ხოლო ცირკის დირექტორი ვაშინგტონში იმყოფება. მაშინ რომელ დამოუკიდებლობას აღვნიშნავთ?! 26 მაისი - საქართველოს უვარგისი ხელისუფლების სირცხვილის დღეა, რომელიც აუცილებლად უნდა გვახსოვდეს შთამომავლობისთვის ჭკუის სასწავლებლად! ხოლო ის ფული, რომელიც გასულ შაბათს იუნკერთან და იუნკერებთან უბადრუკ ელიტურ „ტუსოვკაზე“ დაიხარჯა, პრეზიდენტ მარგველაშვილის, პრემიერ კვირიკაშვილის და მისი მინისტრების ასტრონომიული ხელფასებიდან უნდა გამოიქვითოს - თავდაცვის მინისტრ იზორიას, საგარეო საქმეთა მინისტრ ჯანელიძის და სხვა „ჯაველინების“ - დასავლეთის ჯამბაზების, რომელთა სინდისზეა სირიის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება!

- ბატონო არნო, მინდა, წინა კვირის მეორე მნიშვნელოვან მოვლენაზე გკითხოთ: გასულ ოთხშაბათს, 23 მაისს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სტრასბურგში, ბოლოს და ბოლოს, დასკვნითი მოსმენა გაიმართა საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ (საქმე N2). „ამ საქმის განხილვა არ შედის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს იურისდიქციაში, რამდენადაც ლაპარაკია საერთაშორისო სამართლის ნორმებზე“, - განაცხადა რფ-ის რწმუნებულმა სტრასბურგის სასამართლოში, რუსეთის იუსტიციის მინისტრის მოადგილემ მიხაილ გალპერინმა, ხოლო რუსეთის მხარის ბრიტანელმა ადვოკატმა მაიკლ სვეინსტონმა განაცხადა, რომ „საქართველომ ცხინვალზე და რუს მშვიდობისმყოფელებზე აგრესიული თავდასხმა მოაწყო, ახლა კი მონაცემთა გაყალბებითა და ფაბრიკაციით არის დაკავებული, რაზეც უზარმაზარ რესურსებს ხარჯავს...“. რა გადაწყვეტილებას მიიღებს სტრასბურგი, როდესაც ორივე მხარე თავის სიმართლეში კატეგორიულად დარწმუნებულია?

- თქვენს მეორე შეკითხვაზე პასუხსაც იმავე სიტყვებით დავიწყებ, რომლებითაც პირველზე გიპასუხეთ: ნებისმიერი ქვეყნის ისტორიაში არის ტრაგიკული და, ამავე დროს, სამარცხვინო ფურცლები, რომელთა შესახებ შორსმჭვრეტელი ხელისუფლება დუმილს ამჯობინებს. მაგრამ საქართველოს ხელისუფლება - წინაც და ახლანდელიც - როგორც ჩანს, ასეთებს არ განეკუთვნება. 08.08.08. ომის მიზეზი დაფიქსირებულია სამხრეთ ოსეთში შეიარაღებული კონფლიქტის მიზეზების გამომძიებელი კომისიის ხელმძღვანელის, უაღრესად გამოცდილი შვეიცარიელი დიპლომატის ჰაიდი ტალიავინის მიერ 2009 წლის 30 სექტემბერს: „ომი საქართველომ დაიწყო“. წერტილი. მაშ, რაღა საჭირო იყო, კიდევ ერთხელ გამოგვეფინა სააშკარაოზე ეს ბინძური ამბავი იმის შესახებ, როგორ წავიდნენ ავადმყოფი ავანტიურისტი სააკაშვილის მიერ გაბრიყვებული ქართველები ოსი თანამოქალაქეების დასახოცად?! ვის აძლევს ხელს, რომ საქართველო მოღალატე ნოე ჟორდანიასთან და ადამიანურობის წინაშე დამნაშავე სააკაშვილთან ასოცირდებოდეს?! ნებისმიერ ქვეყანას ხომ კონკრეტულ მმართველებთან აიგივებენ მათი მართვის პერიოდში! ნუთუ საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას არ ესმის, რომ როდესაც 26 მაისს, როგორც „დამოუკიდებლობის დღეს“ აღნიშნავს და რუსეთს სტრასბურგში უჩივის, ამით საქართველოს სახელს უტეხს?! ანდა ვისთვისაა ხელსაყრელი 1991 წლის „თბილისის ომის“ გახსენება, როდესაც რუსთაველის გამზირზე ქართველები ქართველებს ხოცავდნენ და „მრგვალი მაგიდის“ ქმედუუნარო ხელისუფლებას ამხობდნენ, რის შედეგადაც საქართველოში ხელისუფლება სამხედრო ხუნტამ დაიპყრო - იოსელიანისა და კიტოვანის ბანდფორმირებებმა მთავარი პუტჩისტების - შევარდნაძისა და სიგუას მფარველობით?!

- მართლაც, ვისთვისაა ხელსაყრელი ჩვენი „ჭუჭყიანი საცვლების“ საყოველთაოდ გამოფენა? ვის აწყობს საერთაშორისო მოედნებზე, როგორებიცაა სტრასბურგი, გაერო და ევროპარლამენტი, ჩვენი შიდა ქართული „გარჩევების“ გატანა? და განა აუცილებელია, რომ ქართველმა ახალგაზრდობამ ეს ყველაფერი გაიგოს? ეს ხომ თაობათა მემკვიდრეობითობას დაარღვევს, მამებსა და შვილებს შორის ტრადიციულ კოლიზიას გააღრმავებს... განა ამ მხრივ საჩვენებელი არ არის ბოლო მწარე გაკვეთილი - საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დისკრედიტაცია, რამაც გაანახევრა მისი რეიტინგი სამწყსოს - ქვეყნის მართლმადიდებელი მოსახლეობის უმრავლესობის თვალში?!

- საქართველოს გაიგივება მიხეილ სააკაშვილთან და ნოე ჟორდანიასთან, სამარცხვინო მოვლენებთან მათი მმართველობის პერიოდში ყველას აწყობს - რუსეთსაც, ამერიკასაც, ევროპასაც, იმიტომ რომ სასიკვდილო დარტყმას აყენებს საქართველოს რეპუტაციას. ეს საფუძველს აძლევს რუსეთს, ქართველები ტყუილსა და ღალატში დაადანაშაულოს, აშშ-სა და ევროპას - ქართველებს „დემოკრატია“ და „დასავლური ღირებულებები“ ასწავლონ, როგორც შლეგი ველურების ტომს! ამიტომ გეთანხმებით - აუცილებელი არ არის, რომ ყველამ ყოველთვის სრული სიმართლე იცოდეს, ასე ხომ, შესაძლოა, „ნაბან წყალს ბავშვი გადავაყოლოთ“... სხვათაშორის, სწორედ ამ მოსაზრებით საქართველოში დიდი ხანია, მიიღეს, მაგრამ არ აუმოქმედებიათ კანონი ლუსტრაციის შესახებ. და კიდევ იმიტომ, რომ КГБ-ს და შსს-ს აგენტურის დიდი ნაწილი მემკვიდრეობით დღვანდელ სპეცსამსახურებს ერგოთ, საქართველოში CIA-ს აგენტურის ლუსტრაციის ნებას კი აშშ არ მოგვცემს.

სანამ რუსეთს სტრასბურგში უჩივლებდით, სააკაშვილი საქართველოში უნდა გაგვესამართლებინა - მთავარი დამნაშავე, რომელმაც ეს ომი დაიწყო! და, აგრეთვე, მისი ხელქვეითებისთვის, რომლებიც დღეს ზღაპრულად მდიდრები არიან, მთელ მსოფლიოში დასეირნობენ ან საქართველოს პარლამენტში სხედან! რატომ დუმს დღეს ყველა საქართველოში - სად „აორთქლდა“ 2008 წლის აგვისტოს მოვლენების გამოძიების კომისია, რომელიც საქართველოს პარლამენტში 2013 წელს, პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლისთანავე შეიქმნა?!

- ის ყველას დაავიწყდა... მართლაც, რა ბედი ეწია ამ კომისიას? ფორმალურად მაინც თუ არსებობს?

- ის აშშ-მ „დაითხოვა“, თუმცა სააკაშვილის დანაშაულების გამოძიებაში მონაწილეობაზე, როგორც გახსოვთ, ცნობილი ამერიკელი პროკურორები დათანხმდნენ, რომლებიც ამისთვის საგანგებოდ ჩამოვიდნენ თბილისში! დღეს კი საქმე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ ისეთივე უპერსპექტივო და კონტრპროდუქტიული პიარკამპანიაა, როგორიც სკრიპალების „მოწამვლის“ საქმე.

ესაუბრა მაია ჯავახიშვილი
2018 წლის 30 მაისი
საქართველო, თბილისი