პარლამენტის შენობასთან ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამის ორგანიზებით მრავალათასიანი აქცია გაიმართა სლოგანით #ნუმომკლავ
საზოგადოება
პარლამენტის შენობასთან ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამის ორგანიზებით მრავალათასიანი აქცია გაიმართა სლოგანით #ნუმომკლავ

     საქართველო, 29 მაისი, საქინფორმი. თბილისში, პარლამენტის შენობის წინ გაიმართა აქცია ლოზუნგით – #ნუმომკლავ - ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის დავით სარალიძის მამის ზაზა სარალიძის ორგანიზებით.

აქციის მონაწილეების თქმით, მათი მთავარი მოთხოვნებია - დაისაჯოს ყველა პირი, ვინც მკვლელობის ორგანოზატორი იყო, ასევე უნდა დაისაჯონ მკვლელობის დაფარვაში მონაწილეებიც.

დაე, იყოს ჩემი შვილი მსხვერპლი, რათა ხვალ არ გაგრძელდეს იგივე, ახალგაზრდების მკვლელობა, ჩვენი მომავალი თაობის გაწყვეტა, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.

მან აქციაზე შეკრებილებს მიმართა, ახალგაზრდებს სისხლის დაღვრის უფლება არ მისცენ.

დამერწმუნეთ, ჩემი შვილის უკან, ლევან დადუნაშვილის უკან, სხვა ახალგაზრდები დგანან, რომლებიც გამსჭვალულნი არიან შურისძიების სურვილით. არ მივცეთ უფლება ჩვენს შვილებს, რომ სისხლი დაღვარონ. ერთად დავდგეთ, გავერთიანდეთ, რომ სამართალმა პური ჭამოს“, – მოუწოდა სარალიძემ.

დავით სარალიძის მამის თქმით, ექსპერტები ადასტურებენ, რომ მისი შვილის მკვლელობისას საქმეში არსებული ორი დანის გარდა, სხვა ნივთებიც იყო გამოყენებული.

დღესაც მორიგი პროცესი ჩატარდა, იქიდან მოვდივარ პირდაპირ, სადაც თვალნათლივ, პირდაპირ და დადასტურებულად, კატეგორიულად დაადასტურეს ექსპერტებმა, რომ ჩემი შვილის სხეულზე არ იყო გამოყენებული მხოლოდ ის ორი დანა, რომლითაც მას ჭრილობები მიაყენეს და არ იყო გამოყენებული მარტო დანები. იყო გამოყენებული სხვა საგნები, რომლებიც სამხარაულის ექსპერტიზამ პროკურატურის დავალებით დამალა. სამხარაულის ექსპერტიზამ ფაქტობრივად გაანადგურა ერთ-ერთი დანა, რომელზეც აღარ შეიძლება ხელმეორედ ექსპერტიზის ჩატარება. მაქსიმალურად ცდილობენ ჩემს დისკრედიტაციას. როდესაც პროკურორ გუგუშვილს მოთხოვნა წავუყენე, რომ თუ სამართლიანობა არ იზეიმებს, უკაცრავად გამოთქმისთვის, მალალეტკების ომი დაიწყებათქო, დაიწყოს არაუშავს, ეგ ჩემი პრობლემა არ არისო“, – განაცხადა სარალიძემ.

მოკლული დავით სარალიძის მამამ აქციაზე შეკრებილებს მადლობა გადაუხადა. მე მჯერა თქვენი, მე მჯერა ჩვენი ერთიანობის, რომ მომავალი თაობა ჩვენია და ეს ყოველთვის გვემახსოვრება. დიდი მადლობა ისევ და ისევ. მაპატიეთ, რომ შეგაწუხეთ. ძალი დიდი მადლობა“, – დასძინა სარალიძემ.

აქციას შეურთდა პანკისის სპეცოპერაციის შედეგად მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი, ასევე ძიუდოისტები, რომლებმაც 17:00 საათზე ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტ დავით ქევხიშვილის გადადგომა პარლამენტთან მოითხოვეს.

მე დღეს ყველაზე მეტად მესმის სარალიძის გულისტკივილი. მე და ჩემი ხალხი ყოველთვის ვიქნებით თქვენს გვერდში სიმართლის დასადგენად, – მიმართა მალხაზ მაჩალიკაშვილმა რუსთაველის გამზირზე შეკრებილ აქციის მონაწილეებს.

აქციაზე იმყოფებოდნენ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები, ასევე ყოფილი სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი.