პოლიტიკა
ვალერი გელბახიანი ბრუნდება – ყოფილ დეპუტატს მერაბიშვილთან „ქრისტიან–დემოკრატები“ შუამდგომლობენ

gelbaxianivaleriსაქინფორმის ინფორმაციით, ყოფილმა დეპუტატმა ვალერი გელბახიანმა საქართველოში დაბრუნება და პოლიტიკური კარიერის გაგრძელება გადაწყვიტა. როგორც სააგენტოს სარწმუნო წყარომ აცნობა, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული გელბახიანისთვის, არც მეტი, არც ნაკლები, შს მინისტრ ვანო მერაბიშვილთან „ქრისტიან–დემოკრატების“ ლიდერს – გიორგი თარგამაძეს უშუამდგომლია. „ქვეყნის ხერხემალს“ კი თარგამაძისთვის უთქვამს: „ჯერ დაიმსახუროს და მერეო“.

გელბახიანი პოლიტ–რეაბილიტაციას სწორედ „ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობის“ მეშვეობით გეგმავს და „ნაციონალების“ სატელიტად წოდებული პარტიის ლიდერებთან საკმაოდ მჭიდრო კონტაქტი აქვს.

აღსანიშნავია, რომ გელბახიანმა დაბრუნების პროცესი ჯერ კიდევ გასულ წელს დაიწყო. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეშვეობით, მისი ბიძაშვილი კახა გელბახიანი ქდმ–ის საარჩევნო სიით საჩხერის საკრებულოს წევრი გახდა. როგორც საქინფორმის წყარო აცხადებს, მას არჩევნებში გასვლაში თავად „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და პოლიციაც აქტიურად ეხმარებოდნენ, რაც თავისთავად ადგილობრივი ოპოზიციის წევრების პროტესტს იწვევდა, თუმცა „ნაცების“ მონდომებამ გაამართლა და გელბახიანი საჩხერის საკრებულოს წევრი მაინც გახდა.

ქდმ–ის პრესსამსახურში საქინფორმს დაუდასტურეს, რომ კახა გელბახიანი ნამდვილად იყო მათი სიით საჩხერის საკრებულოს წევრი, მაგრამ, გარკვეული მიზეზების გამო, ის სხვამ ჩაანაცვლა. „თუმცა გელბახიანის ოჯახის წევრებთან, მის ძმასთან, ძმისშვილთან და კახა გელბახიანთან თანამშრომლობის რეჟიმში ახლაც ვართ“, ­– განუცხადეს საქინფორმს პარტიის პრესსამსახურში.

გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ გელბახიანი ბოლო დროს ქართულ პრესაშიც აქტიურად გამოჩნდა. ყველასთვის ცნობილია მისი ანტიოპოზიციური ინტერვიუები, სადაც ის გარდაცვლილი ბიზნესმენის ბადრი პატარკაციშვილის მიერ ოპოზიციური პარტიების საკმაოდ მსხვილ დაფინანსებაზე საუბრობს. თუმცა ამ ერთი შეხედვით სკანდალური ინფორმაციის მიღმა არასაპარლამენტო ოპოზიციაში იმაზე ალაპარაკდნენ, რომ პატარკაციშვილს ოპოზიცია რეალურად არ დაუფინანსებია და ეს იმ მარტივი მიზეზის გამო მოხდა, რომ „ვერ მოასწრო“.

შეგახსენებთ, რომ 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატის – ბადრი პატარკაციშვილის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის – ვალერი გელბახიანის მიმართ გენპროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. გელბახიანს შეიარაღებული გზით სახელმწიფო გადატრიალების მზადება ედება ბრალად. მას სადეპუტატო უფლებამოსილებაც შეუჩერეს, თუმცა თავს გაქცევით უშველა და ქვეყანა დატოვა.

საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი ვალერი გელბახიანი საბჭოთა პერიოდში საქართველოს პროკურატურაში, 1992-93 წლებში კი შინაგან საქმეთა სამინისტროში კადრების მთავარი სამმართველოს უფროსად მუშაობდა, ასევე იყო აჭარის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის – ასლან აბაშიძის თანაშემწე, აჭარის ავტონომიის უშიშროების საბჭოს მდივანი. მის წინააღმდეგ სს საქმის აღძვრამდე კი პატარკაციშვილის საარჩევნო შტაბს ხელმძღვანელობდა.