უცხოეთი
მაიკ პომპეო - აშშ ელოდება იმ დღეს, როდესაც საქართველოს ნატო-ში მიესალმება

     საქართველო, 22 მაისი, საქინფორმი. საქართველო არის უმსხვილესი კონტრიბუტორი ნატო-ს არაწევრ სახელმწიფოთა შორის ავღანეთის მისიაში. 32 ქართველი სამხედრო შეეწირა მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის საქმეს. აშშ აფასებს საქართველოს თავგანწირვას და ძალიან მადლიერი ვართ თქვენი მხარდაჭერისთვის ამ მნიშვნელოვან ერთობლივ მისიაში, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, შეერთებული შტატები და საქართველო აგრძელებენ უსაფრთხოების კუთხით ურთიერთობის გაღრმავებას, მათ შორის თანამშრომლობას გლობალური ტერორიზმის, საქართველოს ტერიტორიაზე ტერორისტი მებრძოლების შემოჭრის და სახიფათო ბირთვული მასალების კონტრაბანდის აღკვეთის საქმეში.
„2016 და 2017 წლებში საპარლამენტო და ადგილობრივ არჩევნებში ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი ევროატლანტიკური არჩევანი, მომავალში საქართველოს ნატოში გაწევრიანების ჩათვლით. ჩვენი გადაწყვეტილება უწყევია – პრეზიდენტი ტრამპი ბუქარესტის 2008 წლის სამიტის გადაწყვეტილებას მხარს უჭერს და ამერიკის შეერთებული შტატები ელოდება იმ დღეს, როდესაც საქართველოს ნატო-ში მიესალმება.
ჩვენ ვიცით, რომ ღია საზოგადოება და ძლიერი ეკონომიკა ერთობლივად არის საქართველოს უსაფრთხოების საფუძველი. კანონის უზენაესობა, დამოუკიდებელ სასამართლოსთან ერთად, პლურარიზმის პატივისცემა არის აუცილებელი დემოკრატიისა და ეკონომიკის განვითარებისთვის. დემოკრატიის განმტკიცებისთვის აშშ მოუწოდებს საქართველოს, შექმნას ისეთი გარემო, სადაც ყველას ხმა უფრო მკაფიოდ ისმოდეს პოლიტიკაში, მედიაში. მიუხედავად რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტის ოკუპაციისა, საქართველომ გააგრძელა რეფორმები, რომელთა წარმატება უკავშირდება პასუხისმგებლობას, გაამართლოს ხალხის მოლოდინი. ჩვენი ქვეყნები მჭიდრო პარტნიორები და მეგობრები არიან. ამერიკის შეერთებული შტატები უკვე საუკუნის მეოთხედია, საქართველოს გვერდით დგას და პრეზიდენტ ტრამპის მმართველობის დროს იდგება თქვენს, როგორც პარტნიორის, მეგობრისა და ერთ დღესაც ნატო-ს მოკავშირის გვერდით“, – განაცხადა მაიკ პომპეომ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს შეხვდა.