დიმიტრი ლორთქიფანიძემ - საქართველოში გორჩაკოვის ფონდის მიერ დაარსებული პრიმაკოვის ცენტრის დირექტორმა - ვეტერანებს მიულოცა და მათთვის კონცერტი გამართა
საზოგადოება
დიმიტრი ლორთქიფანიძემ - საქართველოში გორჩაკოვის ფონდის მიერ დაარსებული პრიმაკოვის ცენტრის დირექტორმა - ვეტერანებს მიულოცა და მათთვის კონცერტი გამართა

     საქართველო, 16 მაისი, საქინფორმი. უცნობი ჯარისკაცის საფლავთან ვაკის პარკში გამარჯვების 73-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო კონცერტი გაიმართა, რომელიც ე. პრიმაკოვის სახელობის რუსეთ-საქართველოს საზოგადოებრივი ცენტრის მიერ იყო ორგანიზებული.

ე. პრიმაკოვის სახელობის რუსეთ-საქართველოს საზოგადოებრივი ცენტრი 2013 წლის ივლისში დაარსდა ა.მ. გორჩაკოვის ფონდისა და საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტის (თბილისი) მხარდაჭერით.

შეკრებილთ მისასალმებელი სიტყვით მიმართა ცენტრის დირექტორმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ, რომელმაც ვეტერანებს მიულოცა და დიად გამარჯვებაში ქართველი ხალხის წვლილი აღნიშნა.

საზეიმო კონცერტზე დამსწრეთ თავისი საბრძოლო ისტორია უამბო ეკატერინე ასპანიძემ, რომელმაც შეასრულა სიმღერა „ჩემი გმირი გიწოდე“. მომღერლებმა ვახტანგ გორდელი-ფალიაშვილმა და კობა ენდელაძემ კი შეასრულეს კომპოზიციები „შინმოუსვლელი“, „შვილები ომში მიდიან“, „იხსენით ჩვენი სულები“, „ბნელი ღამე“ და სხვ.