საზოგადოება
ბუნების დამცველებს გარემოს დაცვის სამინისტროს მოსალოდნელი შეკვეცა აშფოთებთ

CENN_Logoბუნებისდამცველმა ორგანიზაციებმა გააკეთეს განცხადება მთავრობაში დაგეგმილი იმ სტრუქტურული რეორგანიზაციის წინააღმდეგ, რის შედეგადაც გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს რიგი ფუნქციებისა ჩამოერთმევა.

"მსგავსი ქმედება არ შეეფერება ქვეყანას, რომელიც ისწრაფვის ევროპულ სახელმწიფოებთან ინტეგრირებისკენ. ის ამ ნაბიჯით უბრუნდება საბჭოურ ცნობიერებას, რომლის სივრცეშიც გარემოს დაცვას არანაირი მნიშვნელობა არ ენიჭებოდა,“ – ნათქვამია საქართველოს მწვანეთა მოძრაობის განცხადებაში.

კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელმა (CENN) "სერიოზული შეშფოთება“ გამოთქვა ამ გეგმასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ "ამ გადაწყვეტილებამ, შესაძლოა, გამოიწვიოს გარემოსდაცვითი სტრუქტურების ქმედითუნარიანობისა და ეფექტურობის შემცირება, საფრთხის წინაშე დააყენოს საქართველოს გარემოს დაცვის საქმე და შეაფერხოს ევროინტეგრაციის პროცესი“.

დაგეგმილი სტრუქტურული რეორგანიზაციის შედეგად, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ჩამოერთმევა ბუნებრივ რესურსებთან დაკავშირებული ფუნქციები და გადაეცემა ენერგეტიკის სამინისტროს, რომელსაც შედეგად ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო დაერქმევა.

პრემიერ–მინისტრმა ნიკა გილაურმა 8 თებერვალს მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ გარემოს დაცვის სამინისტროს, რომელიც, შესაძლოა, სახელმწიფო მინისტრის აპარატად ჩამოყალიბდეს, დარჩება მხოლოდ გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური საკითხები იმ გამონაკლისით, რომ დაცული ტერიტორიების სააგენტო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაქვემდებარებაში გადავა.

ამასთან, ბუნებრივი რესურსების ლიცენზირებასთან და აუქციონის მოწყობასთან დაკავშირებული ფუნქციები, რომლებიც ამჟამად ეკონომიკის სამინისტროს კომპეტენციაში შედის, ენერგეტიკის სამინისტროს გადაეცემა.

გილაურის თქმით, შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტში განსახილველად უახლოეს დღეებში შევა.

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს რეორგანიზაციის გეგმის წარმოდგენა მთავრობას პრეზიდენტმა სააკაშვილმა დეკემბერში დაავალა, მას შემდეგ, რაც მკაცრად გააკრიტიკა სამინისტროში, კერძოდ კი სატყეო დეპარტამენტში გამოვლენილი კორუფციული ფაქტები. თუმცა მან იქვე განაცხადა, რომ "მადლობელია" მინისტრ გოგა ხაჩიძის, რომელიც "ბევრ კარგ საქმეს აკეთებს".

CENN–მა აღნიშნა განცხადებაში, რომ ხელისუფლებამ დაგეგმილი რეორგანიზაციის მიზეზად "კორუფციის მაღალი დონე“ დაასახელა.

"მაგრამ, როგორც საქართველოს მაგალითზე სხვა შემთხვევებშიც გვინახავს, ამ პრობლემის მოგვარება სამინისტროს სტრუქტურულ რეორგანიზაციას არ საჭიროებს და მისი დაძლევა შიდა მმართველობითი ჯგუფის ცვლილებითა და მონიტორინგის უკეთესი სისტემის დანერგვითაცაა შესაძლებელი,“ – ნათქვამია განცხადებაში.

CENN–მა მოუწოდა მთავრობას, წარმოადგინოს რეორგანიზაციის მოტივი და ის მიზანი, თუ კონკრეტულად რა შედეგების მიღება სურს ამ ცვლილებებით, ასევე ევროინტეგრაციის პროცესთან ამ გეგმის შესაბამისობა.

"ასევე ვთვლით, რომ საქართველოს მთავრობამ ამ საკითხთან მიმართებაში უნდა განახორციელოს დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაცია და მიღებული რეკომენდაციების შემდეგ მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება,“ – ნათქვამია განცხადებაში.

ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) კავკასიის ოფისი 10 თებერვალს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს, რომ "საქართველოში გარემოს დაცვის სამინისტროს გაუქმება თუ დასუსტება ეწინააღმდეგება“ ამ სფეროში არსებულ საერთაშორისო პოლიტიკას, რომელიც ქვეყნებისგან გლობალური გამოწვევების ფონზე ამ სექტორის გაძლიერებას მოითხოვს.

ამასთან, ორგანიზაციის "განსაკუთრებულ შეშფოთებას" სტრუქტურული რეორგანიზაციის ის ორი პუნქტი იწვევს, რომლის თანახმადაც, ბუნებრივი რესურსების შემადგენელი სატყეო სექტორი ენერგეტიკის, ხოლო დაცული ტერიტორიების სააგენტო ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში უნდა გადავიდნენ.

"სატყეო სექტორის გარემოს დაცვის სექტორისგან გამოყოფის მიზნობრივი აუცილებლობა მეტისმეტად საეჭვოა და ასეთ გადაწყვეტილებას ხანგრძლივ პერსპექტივაში გაუთვალისწინებელი, მკვეთრად უარყოფითი შედეგები შეიძლება მოჰყვეს, რაც აისახება არა მხოლოდ გარემოს სიჯანსაღეზე, არამედ ქვეყნის ეკონომიკაზეც,“– აცხადებს WWF–ის კავკასიის ოფისი და აქვე ხაზს უსვამს, რომ ტყეს, უპირველესად, ეკოლოგიური მნიშვნელობა აქვს.

ორგანიზაციას "ალოგიკურად“ მიაჩნია, ასევე, დაცული ტერიტორიების ეკონომიკური ფუნქციისთვის პრიორიტეტის მინიჭება მისი საბაზისო ფუნქციის ხარჯზე, რაც "საქართველოს ბუნებრივი მემკვიდრეობის, მისი უნიკალური უბნების, ბიომრავალფეროვნების დაცვასა და შეულახავი გარემოს“ შენარჩუნებაში მდგომარეობს.