საქართველოს ხელისუფლებიდან და დიპლომატიურ მისიებიდან ვინ მონაწილეობდა „უკვდავი პოლკის მსვლელობაში“ თბილისში? - საქინფორმი საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს მიმართავს
აქტუალური
საქართველოს ხელისუფლებიდან და დიპლომატიურ მისიებიდან ვინ მონაწილეობდა „უკვდავი პოლკის მსვლელობაში“ თბილისში? - საქინფორმი საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს მიმართავს

     საქართველო, 14 მაისი, საქინფორმი.

საქინფორმის მიმართვა საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს

ბატონო პრემიერ-მინისტრო!

2018 წლის 10 მაისს „უკვდავი პოლკის“ ოფიციალურ საიტზე გამოჩნდა ინფორმაცია - „უკვდავმა პოლკმა თბილისში ჩაიარა“. ქვემოთ საქინფორმი მის ავთენტურ უწიგნურ ტექსტს გთავაზობთ:

„თბილისის ვაკის პარკში 9 მაისს გამარჯვების დღეს უკვდავი პოლკის მსვლელობა გაიმართა. აქციის მონაწილეები დიდი სამამულო ომის წლებში დაღუპული ნათესავების პორტრეტებითა და ფოტოებით უცნობი ჯარისკაცის საფლავთან მივიდნენ და გვირგვინებით შეამკეს.
მსვლელობაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა, დიპლომატიური მისიების და სამოქალაქო ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა, საზოგადოებრიობის წარმომადგენლებმა და ჩვეულებრივმა თბილისელებმა.
„საქართველოს უკვდავი პოლკის“ მარშის ორგანიზატორები რევაზ გოგიძე. გიორგი ირემაძე მსვლელობის ახალგაზრდულ ფრთას ხელმძღვანელობდა“.

ბატონო პრემიერ-მინისტრო!

საქინფორმის მკითხველებს აინტერესებთ: საქართველოს ხელისუფლების რომელი წარმომადგენლები და რომელი დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები მონაწილეობდნენ ე.წ. „„უკვდავი პოლკის“ მსვლელობაში“ თბილისში?

საქინფორმის
კორესპონდენტმა თბილისში, ვაკის პარკში მხოლოდ ზემოხსენებული რევაზ გოგიძე და ფილმ „ენვერიდან“ ცნობილი ვალერი სვარჩუკი შენიშნა, რომელმაც თავისი ქალიშვილი და კიდევ 36 ადამიანი მოიყვანა, რომელთა „მსვლელობა“ პარკის ხეივანში ზუსტად 25 წამს გაგრძელდა. ნუთუ ესენი იყვნენ „სამოქალაქო ორგანიზაციების ხელმძღვანელები, საზოგადოებრიობის წარმომადგენლები და ჩვეულებრივი თბილისელები“?

ბათუმში
კი ქართულმა ტელეარხებმა დააფიქსირეს 20 ადამიანი და ემიგრანტი სირიიდან ლიკა ზახაროვა, რომელიც რუს ტურისტებთან მიდიოდა და სთხოვდა, ამ საზეიმო დღეს „უკვდავი პოლკის“ შარშანდელი ალმით ხელში ფოტოები გადაეღოთ.

გორელებს
საერთოდ არავინ უნახავთ - როგორც მათ ტელეკომპანიების „რუსთავი 2“-ისა და „იმედის“ ჟურნალისტებს განუცხადეს, მხოლოდ ვიღაცის მიტანილი გვირგვინი აღმოაჩინეს წარწერით „უკვდავი პოლკი“.

ყველა ეს მსვლელობა საქართველოში შვეიცარიის საელჩოსთან არსებულ რფ-ის ინტერესების სექციას დაახლოებით 16 ათასი ლარი დაუჯდა.

მოგვიანებით „რია ნოვოსტის“ ჟურნალისტებმა საქართველოში რფ-ის ინტერესების სექციის ხელმღვანელი ევგენი კონიშევი შენიშნეს თავის თანამშრომლებთან ერთად, რომლებიც ვაკის პარკში შესვლამდე ლაჩრულად იხსნიდნენ და ჯიბეებში მალავდნენ წმინდა გიორგის ბაფთებს. ნუთუ „უკვდავი პოლკის“ ოფიციალურ საიტზე „დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებში“ მათ გულისხმობენ?

და მხოლოდ ამის შემდეგ მოხვედით უცნობი ჯარისკაცის საფლავის გვირგვინებით შესამკობად თქვენ, ბატონო პრემიერ-მინისტრო, აგრეთვე პარლამენტის თავმჯდომარე და საქართველოს ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.

ბატონო პრემიერ-მინისტრო!

აპირებთ თუ არა „უკვდავი პოლკის“ საიტზე ზემოაღნიშნული ფეიკის ოფიციალურად გაპროტესტებას? და რატომ არ მოგახსენეს ამ გაყალბების შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ და მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურმა?

ჩვენ არ გვაინტერესებს - რატომ უშვებენ რუსეთში მოძრაობა „უკვდავი პოლკის“ დისკრედიტაციას, საქინფორმი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში ელოდება თქვენგან პასუხს ამ წერილზე და მკაფიო პასუხს შეკითხვაზე - კონკრეტულად ვინ დგას ამ პროვოკაციის უკან თბილისსა და მოსკოვში? ვინ არის დაინტერესებული საქართველოსა და რუსეთს შორის არსებული უკიდურესად ისედაც მინიმიზებული კონტაქტების საბოლოოდ გაწყვეტით?

პატივისცემით,

საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი

2018 წლის 14 მაისი
საქართველო, თბილისი