უცხოეთი
მოსკოვში ლატვიის საელჩოს თავს დაესხნენ

     საქართველო, 11 მაისი, საქინფორმი. მოსკოვში ლატვიის საელჩოზე თავდასხმა განხორციელდა. ინფორმაციას „რადიო თავისუფლება“ ავრცელებს.
ინციდენტთან დაკავშირებით დაკავებულია ორი ადამიანი.
„ლატვია მკაცრად გმობს მსგავს პროვოკაციებს და რუსეთისგან მოითხოვს, სრულად უზრუნველყოს ლატვიის დიპლომატიური მისიების უსაფრთხოება საერთაშორისო სამართლის შესაბამისად“, – დაწერა ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ედგარ რინკევიჩმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.
თავდასხმა 9 მაისს, ადგილობრივი დროით დაახლოებით 17:30 საათზე მოხდა. მედიის ინფორმაციით, საელჩოს შენობასთან ხუთი ადამიანი მივიდა და დაწესებულებაში კვამლის ყუმბარები შეაგდო. ერთ-ერთი თავდამსხმელი შენობის კედელზე შავი საღებავით წარწერის გაკეთებას შეეცადა.
დაკავებულები დაურეგისტრირებელი პარტიის, „სხვა რუსეთის“ აქტივისტები არიან. ამ ფორმით მათ ლატვიაში ვლადიმერ ლინდერმანის დაკავება გააპროტესტეს, რომელიც ლატვიაში რუსულ ენაზე სწავლის აღდგენას ითხოვს.
ლატვიის პრეზიდენტმა, რაიმონდ ვეიონისმა 2 აპრილს ხელი მოაწერა განათლების კანონს, რომლის თანახმადაც, ნაციონალური უმცირესობების სკოლებში სწავლა ლატვიურ ენაზე იქნება. საგანმანათლებლო რეფორმის გამო, რუსეთმა ლატვია რუსულენოვანი მოსახლეობის დისკრიმინაციაში დაადანაშაულა.

1tv.ge