თურქული მედია ტრეფიკინგის მსხვერპლი საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლების დეტალებზე წერს
სამართალი
თურქული მედია ტრეფიკინგის მსხვერპლი საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლების დეტალებზე წერს

     საქართველო, 10 მაისი, საქინფორმი. თურქული მედია ტრეფიკინგის მსხვერპლი საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლების ოპერაციიის დეტალებზე წერს. ჟურნალისტების ცნობით, ადანას პროვინციაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ექვსი ქართველი ქალი გამოიხსნეს, რომლებსაც პროსტიტუციაში ჩართვას აიძულებდნენ.
თავდაპირველად ვრცელდებოდა ცნობა, რომ თურქმა სამართალდამცავებმა საქართველოს სამი მოქალაქე გაათავისუფლეს.
როგორც თურქული მედია წერს, სპეცოპერაცია 4 მაისს ჩატარდა და მასში 300 სამართალდამცველი მონაწილეობდა. ოპერაციისთვის მზადება 3 თვე გრძელდებოდა, პოლიციამ დრონებიც გამოიყენა. წინასწარ გადაიკეტა გზატკეცილი, რომ დამნაშავეები არ მიმალულიყვნენ.
ჟურნალისტების ცნობით, კოზანის რაიონში მდებარე 3 სახლში სულ რვა ქალი იმყოფებოდა.
ადგილზე მისულ პოლიციას 30 წლის ოლესია . დახვდა, რომელმაც პოლიციის გამოჩენისთანავე კარი ჩაკეტა. სამართალდამცავებს კარის ძალის გამოყენებით გაღება დასჭირდათ.
მსხვერპლთა ნაწილი კარადებში იყო ჩაკეტილი.
ჩხრეკის დროს ამოღებულია ერთი პისტოლეტი და სამი შაშხანა. სახლში იმყოფებოდნენ პიტბულის ჯიშის ძაღლები, რომლებითაც ტრეფიკინგის მსხვერპლ ქალებს აშინებდნენ.
როგორც გამოძიებამ გაარკვია, საქართველოს მოქალაქეები თურქეთში მოტყუებით ჩაიყვანეს. მათ დაქორწინებას ჰპირდებოდნენ. სამართალდამცავების თქმით, ერთ ქალთან გაფორმებული კონტრაქტის სანაცვლოდ ეჭვმიტანილები 100-400 ლირის ოდენობით ჰონორარს იღებდნენ. ასევე ერიცხებოდათ მათ მიერ თურქეთში ჩაყვანილი ქალის პროსტიტუციის შედეგად მიღებული შემოსავლის 50%.
პოლიციამ ჩხრეკის დროს ამოიღო 75 ათასი ლირა და საბუღალტრო წიგნი, რომელშიც პროსტიტუციაში ჩართული ქალების შემოსავალი იყო ნაჩვენები.
პროსტიტუციაში იძულებით ჩართვის საქმეზე დაკავებულია 18 ადამიანი. როგორც პოლიციამ დაადგინა, ისინი და მათი ნათესავები დანაშაულებრივ საქმიანობას წლების განმავლობაში ეწეოდნენ და მილიონობით ლირა აქვთ მიღებული. დამნაშავეებს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს. საქართველოს ექვსი გათავისუფლებული მოქალაქე სამშობლოში დააბრუნეს.