გერმანიაში მიგრანტების დანაშაულებიდან 2017 წელს საქართველოს მოქალაქეებზე მხოლოდ 2,1 % მოდიოდა
სამართალი
გერმანიაში მიგრანტების დანაშაულებიდან 2017 წელს საქართველოს მოქალაქეებზე მხოლოდ 2,1 % მოდიოდა

     საქართველო, 10 მაისი, საქინფორმი. გერმანიაში საქართველოს მოქალაქეების მიერ ბინების გაქურდვის შემთხვევების შემცირება საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობის გაღრმავების გზით მოხერხდა. ამის შესახებ განცხადება გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ჰორსტ ზეეჰოფერმა გერმანიაში 2017 წელს ჩადენილი დანაშაულის სტატისტიკური მონაცემების შეფასებისას გააკეთა. ინფორმაციას დოიჩე ველე ავრცელებს.
ზეეჰოფერის თქმით, ბინების ქურდობის რიცხვის შემცირებაზე პოლიციის მიერ პატრულირების გაძლიერებამ და ბინის მეპატრონეების მიერ უსაფრთხოების თანამედროვე სისტემების დაყენებამაც იმოქმედა. თუმცა, გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, მსგავსი დანაშაულის შემცირება ასევე საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობის გაღრმავებამ განაპირობა.
საქართველოდან მიგრანტების ნაკადი ტალღებად მოდის. ხანდახან ჩნდება რისკის შემცველი მაჩვენებლები, შემდეგ სიტუაცია წყნარდება, ამიტომ სიტუაციის წინასწარ განჭვრეტას ვერ შევძლებ. თუმცა ჩემი სამინისტრო სწავლობს, სწორი იყო თუ არა საქართველოსთან უვიზო რეჟიმის შემოღება. მე პირადად ყოველთვის წინააღმდეგი ვიყავი, – ამბობს ზეეჰოფერი.
ბერლინს საქართველოსთვის ვიზების დამოუკიდებლად დაწესება არ შეუძლია, ეს ევროკავშირის კომპეტენციაა – წერს „დოიჩე ველე“. ამასთან, გერმანელმა მინისტრმა პირობა დადო, რომ ბერლინი უახლოეს ხანში საქართველოს ე.წ. უსაფრთხო ქვეყნების ნუსხაში შეიყვანს, რაც დეპორტაციას გააადვილებს.
„დოიჩე ველე“ აქვეყნებს 2017 წელს გერმანიაში საქართველოს მოქალაქეების მიერ ჩადენილი დანაშაულის სტატისტიკას. როგორც აღმოჩნდა, მიგრანტების მიერ ჩადენილი დანაშაულებიდან 2017 წელს ქართველებზე მხოლოდ 2,1% მოდის. ამასთან, გერმანიაში თავშესაფრის მაძიებელთა მიერ შევსებული განაცხადების, მხოლოდ 0,7 ეკუთვნის საქართველოს მოქალაქეებს. ქართველების უმეტესობა, 75%, ქურდობაზე დააკავეს.