სომხეთის ახალი პრემიერი თურქეთთან დიპლომატიური ურთიერთობის დამყარებისთვის მზად არის
საზოგადოება
სომხეთის ახალი პრემიერი თურქეთთან დიპლომატიური ურთიერთობის დამყარებისთვის მზად არის

     საქართველო, 10 მაისი, საქინფორმი. სომხეთის ახალარჩეული პრემიერ-მინისტრის თქმით, სომხეთი თურქეთთან დიპლომატიური ურთიერთობის დამყარებისთვის წინაპირობების გარეშე არის მზად. ამის შესახებ ნიკოლ ფაშინიანმა სტეფანაკერტში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
წინაპირობებს თურქეთი თვითონ აყენებს, ეს მოთხოვნა ალოგიკურია. ალოგიკურია, ერთ ქვეყანასთან დიპლომატიური ურთიერთობის დასამყარებლად პირობები მესამე მხარესთან დაკავშირებით წამოაყენო. ამასთან, ჩვენ მზად ვართ, თურქეთთან დიპლომატიური ურთიერთობ ყოველგვარი წინაპირობების გარეშე დავამყაროთ, თუმცა პოზიციას არ ვიცვლით და სომეხთა გენოციდის საერთაშორისო აღიარების ერთგულები ვართ”, - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა. მისივე თქმით, სომეხთა გენოციდის აღიარების მოთხოვნა დაკავშირებულია მომავალში გენოციდის თავიდან აცილებასთან.
პრესკონფერენციაზე სომხეთის მთავრობის ახალმა მეთაურმა განაცხადა, რომ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ევროკავშირთან გაფორმებულ ხელშეკრულებას და იმედი აქვს, რომ უვიზო მიმოსვლაზე შეთანხმება შედგება.
ფაშინიანმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ სომხეთი რუსეთთან ურთიერთობებში მხოლოდ პოზიტიურ განვითარებას ელოდება. მისივე თქმით, ის უკვე ესაუბრა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმ პუტინს.
ეს იყო კონსტრუქციული საუბარი, რომელიც 14 მაისს სოჭში, ევრაზიული ეკონომიკური კავშირის სამიტზე გაგრძელდება, – განაცხადა ფაშინიანმა.
შეგახსენებთ, ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის პრემიერ-მინისტრად 8 მაისს აირჩიეს. მას ახალი მინისტრთა კაბინეტის ფორმირებისთვის 15-დღიანი ვადა აქვს. ფაშინიანის თქმით, ის პირველ რიგში ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელ პირებს დანიშნავს.