ირანის პარლამენტის სხდომაზე აშშ-ის დროშა და „ბირთვული შეთანხმების“ ასლი დაწვეს
უცხოეთი
ირანის პარლამენტის სხდომაზე აშშ-ის დროშა და „ბირთვული შეთანხმების“ ასლი დაწვეს

     საქართველო, 10 მაისი, საქინფორმი. ირანის პარლამენტის სპიკერი ალი ლარიჯანი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპის მენტალური შესაძლებლობები პრეზიდენტისთვის შეუფერებელია. როგორც ირანული მედია იუწყება, ალი ლარიჯანის აზრით, ტრამპი სხვადასხვა საკითხების გადაწყვეტას ვერ ახერხებს და პრეზიდენტის თანამდებობას არ უნდა იკავებდეს.
განცხადებები ალი ლარიჯანიმ ირანის პარლამენტის სხდომაზე გამოსვლისას გააკეთა.
„როიტერის“ ინფორმაციით, სესიის დაწყებისთანავე ირანელმა დეპუტატებმა აშშ-ის დროშა და „ბირთვული შეთანხმების“ ასლი დაწვეს. ირანული მედიის ცნობით, დეპუტატები სკანდირებდნენ „სიკვდილი ამერიკას“.
დონალდ ტრამპმა გუშინ განაცხადა, რომ აშშ-ის ირანთან 2015 წელს გაფორმებულ შეთანხმებას ტოვებს. შესაბამისად, უახლოეს ხანში ვაშინგტონი თეირანის წინააღმდეგ სანქციებს აღადგენს.
„ბირთვული შეთანხმება“ ირანთან 2015 წელს გაფორმდა. ხელშეკრულება თეირანს ბირთვული პროგრამის შეკვეცას ავალდებულებდა, სანაცვლოდ კი ირანს საერთაშორისო სანქციების დიდი ნაწილი მოუხსნეს.

1tv.ge