სამართალი
"ციანიდის საქმის" ოქროს მოწმე ევროპას პოლიტიკურ თავშესაფარს სთხოვს - "კურიერის" ექსკლუზივი

     საქართველო, 8 მაისი, საქინფორმი. ე.წ. ციანიდის საქმის ოქროს მოწმემ საქართველო დატოვა და ევროპას პოლიტიკურ თავშესაფარს სთხოვს.
პატიმრობაში მყოფი მღვდლის, მამა გიორგი მამალაძის სიძე ლაშა დვალიშვილი იყო ბოლო ადამიანი, ვინც დაკავებამდე დეკანოზს შეხვდა.
დვალიშვილი ამბობს, რომ მასზე ზეწოლა ხორციელდება და პროკურატურა ცდილობს, მას ბრალი პატრიარქის მდივან-რეფერენტის მკვლელობის მცდელობისთვის წაუყენოს.
ლაშა დვალიშვილი იყო ბოლო, ვინც გაფრენის წინ მამა გიორგი მამალაძეს ტელეფონით ესაუბრა. გიორგი მამალაძემ გერმანიაში წასვლამდე ლაშა დვალიშვილს 1000 დოლარი გადასცა, ფულის მიღებამდე კი დვალიშვილი დმანისში იმყოფებოდა, სადაც ოქროს წარმოებისთვის ციანიდს გამოიყენებენ.
„კურიერის“ ინფორმაციით, პროკურატურა მუშაობს ვერსიაზე, რომ 1000 დოლარად მღვდლის სიძემ დმანისში ციანიდი იყიდა და გერმანიაში გამგზავრების წინ დეკანოზ გიორგი მამალაძეს გადასცა, თუმცა ირკვევა, რომ მთავარი მოწმე ქვემო ქართლში სულ სხვა მიზნით ჩავიდა.
ე.წ. ციანიდის საქმეში არის კიდევ ერთ მტკიცებულება, სადაც მოწმე დვალიშვილი ფიგურირებს. დეკანოზი მამალაძე ღამით აეროპორტში მისი მანქანით წავიდა, გამგზავრების ტერმინალში შესვლიდან მალევე კი ის დააკავეს და როგორც პროკურატურა ამტკიცებს, ჩანთიდან ციანიდი ამოუღეს.
დვალიშვილი ამბობს, რომ მღვდელს მანქანა გაუფუჭდა და ავტომობილი მან ათხოვა.
მღვდლის დაკავებიდან რამდენიმე საათში პროკურატურამ დეკანოზის სიძის სახლში ჩხრეკა ჩაატარა. ე.წ. ციანიდის საქმის ოქროს მოწმის მეუღლე მაშინ სახლში ბავშვებთან ერთად იმყოფებოდა. დვალიშვილის მეუღლე იხსენებს, რომ სამართალდამცველები მას ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ ამყოფებდნენ.
პროკურატურის უნდობლობის გამო არ არის გამორიცხული, რომ თავშესაფარი ოჯახმაც მოითხოვოს.