უცხოეთი
ვლადიმერ პუტინი რუსეთის პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას მეოთხე ვადით შეუდგა

     საქართველო, 8 მაისი, საქინფორმი. ვლადიმერ პუტინი მეოთხე ვადით რუსეთის პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას ოფიციალურად შეუდგა. პუტინმა კრემლის დიდ სასახლეში ფიცი ცოტა ხნის წინ დადო.
„ვფიცავ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის უფლებამოსილების შესრულებისას, პატივი ვცე და დავიცვა ადამიანის და მოქალაქის უფლებები და თავისუფლებები, რუსეთის ფედერაციის კონსტიტუცია, სახელმწიფოს სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა, უსაფრთხოება და მთლიანობა, ერთგულად ვემსახურო ხალხს”, – ასეთია რუსეთის პრეზიდენტის ფიცი, რომელიც ვლადიმერ პუტინმა უკვე მეოთხედ წაიკითხა.
„ამ წუთებში, როდესაც რუსეთის პრეზიდენტის უფლებამოსილების შესრულებას ვუდგები, კოლოსალურ პასუხისმგბელობას ვგრძნობ თითოეული თვენგანის წინაშე“, – მიმართა ვლადიმერ პუტინმა მოსახლეობას ფიცის დადების შემდეგ. მან არჩევნებში მხარდაჭერისთვის რუსეთის მოქალაქეებს მადლობა გადაუხადა.
„ამ მხარდაჭერაში არის რწმენა და იმედი იმისა, რომ რუსეთი მომავალშიც გააგრძელებს თავისი სიძლიერის განმტკიცებას“, – აღნიშნა ვლადიმერ პუტინმა.
მისი თქმით, რუსეთი უნდა იყოს თანამედროვე და დინამიური და თამამად მიიღოს დროის გამოწვევები, რადგან ისტორია მოდუნებას არავის აპატიებს.
„ყველაფერს გავაკეთებ, რომ გავზარდო რუსეთის ძალა, კეთილდღეობა და დიდება“, – განაცხადა პუტინმა.
ვლადიმერ პუტინმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთი დიალოგისთვის მზად არის და პარტნიორებთან ერთად ინტეგრაციულ პროექტებს განავითარებს. თუმცა მისივე თქმით, მთავარი პრიორიტეტები შიდა პრობლემების მოგვარება იქნება.
როგორც რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, ქვეყნის განვითარების მთავარი საფუძველი თავისუფალი სამოქალაქო საზოგადოებაა.
ინაუგურაციამდე ორი დღით ადრე რუსეთის ათობით ქალაქში ვლადიმერ პუტინის პრეზიდენტობის წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლები გაიმართა. პოლიციამ 1600-მდე ადამიანი დააკავა. მშვიდობიანი დემონსტრანტების დაკავება დაგმო ევროკავშირმა და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა.

1tv.ge