პოლიტიკა
საქართველოში დიდი სამამულო ომის 676 ვეტერანი დარჩა

     საქართველო, 8 მაისი, საქინფორმი. ბოლო მონაცემებით, საქართველოში დიდი სამამულო ომის 676 ვეტერანი ცხოვრობს, აქედან 224 თბილისში, ხოლო 452 — რაიონებში.
დიდ სამამულო ომში საქართველოდან 700 ათასი ადამიანი წავიდა. აქედან თითქმის 300 ათასი დაიღუპა. ათობით ათასი დაჯილდოვდა სამთავრობო ჯილდოებით, 167 საბჭოთა კავშირის გმირი გახდა.
წელს, 9 მაისს, ფაშიზმზე გამარჯვების 73- წლისთავთან დაკავშირებით მეორე მსოფლიო ომში თითოეული მონაწილე მიიღებს 600 ლარს, ხოლო მათი ოჯახის წევრები (ქვრივი ან შვილები) - თითოეული 300 ლარს.
ამას გარდა, საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განკარგულებით, მეორე მსოფლიო ომის ყველა მონაწილე მიიღებს 140 ლარის ღირებულების ვაუჩერს მედიკამენტებზე.
ომის მონაწილეთა ერთჯერადი დახმარების სისტემა საქართველოს სხვადასხვა რაიონში მოქმედებს. თანხის რაოდენობა განისაზღვრება ამა თუ იმ რაიონში მცხოვრები ვეტერანების რაოდენობით, ასევე ადგილობრივი ბიუჯეტის გათვალისწინებით.
მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები ასევე იღებენ ყოველთვიურ სუბსიდიას 44 ლარის ოდენობით. ასევე, ადგილობრივი რაიონული ადმინისტრაციების ბიუჯეტში გათვალისწინებულია რიგი შეღავათები ვეტერანებისთვის, რომლებიც ინდივიდუალური წესით გაიცემა.
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ომის ვეტერანებისა და ძალოვნებისთვის სპეციალურ პაკეტებს ითვალისწინებს.
სახელმწიფო პროგრამა მათ სთავაზობს ექიმი-სპეციალისტების უფასო კონსულტაციებს, ფიზიოთერაპიულ და ლაბორატორიულ-ინსტრუმენტულ კვლევებს, ასევე ბალნეოლოგიურ პროცედურებს, გამაჯანსაღებელ ფიზკულტურასა და მანუალურ თერაპიას.
გარდა ამისა, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და სამედიცინო დაწესებულებებს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის ტარდება უფასო სამედიცინო გამოკვლევები: ექიმის უფასო კონსულტაციები, ექოსკოპია და ელექტროკარდიოგრამა.
ასევე, უკვე ერთი წელია, ექიმები საქართველოს რეგიონებში შესაბამისი აპარატურით მიემგზავრებიან და ადგილზე ატარებენ უფასო სამედიცინო კვლევებს ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის. კვლევები ეხება ასევე C-ჰეპატიტსა და ტუბერკულოზს.
ვეტერანებს, რომელთაც დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეუძლიათ, აძლევენ თანამედროვე ეტლ-სავარძლებს. მათ ასევე აქვთ შესაძლებლობა, მიიღონ სხვა დამხმარე საშუალებები, როგორიცაა, მაგალითად, ყავარჯნები, სმენის აპარატები.
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში მოქმედებს დამატებითი პროგრამა, რომლის ფარგლებში მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს შეუძლიათ მიიღონ 1,5 ათასი ლარის დაფინანსება სამედიცინო მომსახურებაზე, ხოლო 500 ლარამდემედიკამენტებზე.
სამედიცინო მომსახურების დაფინანსებისთვის მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებმა უნდა მიმართონ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურთან არსებულ კომისიას. მათ განაცხადის შეტანა კომისიაში წელიწადში ორჯერ შეუძლიათ.
მეორე მსოფლიო ომის ვეტერანის გარდაცვალების შემთხვევაში მისი ოჯახის წევრები რიტუალური მომსახურებისთვის 500 ლარის ოდენობის დახმარებას იღებენ.
მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები საზოგადოებრივ ტრანსპორტში შეღავათებით სარგებლობენ. მათ მეტროთი და ავტობუსით უფასოდ მგზავრობის უფლება აქვთ.
ასევე, მიკროავტობუსებში, სადაც გადახდის ელექტრონული სისტემაა, მათ 50%-იანი ფასდაკლება აქვთ.
მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები თავისუფლდებიან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ან ბიომეტრიული პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ((ID ბარათი) გადასახადისგან.
ვეტერანები, რომლებმაც მიმართეს სასამართლოს საქართველოს კანონის "ვეტერანებისა და სამხედრო ძალების შესახებ" მოთხოვნების დაცვისთვის, თავისუფლდებიან გადასახადისგან ყველა სასამართლო ინსტანციაში.