ისრაელში ოფიციალური ვიზიტი საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანთან შეხვედრით დაასრულა (ვიდეო)
აქტუალური
ისრაელში ოფიციალური ვიზიტი საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანთან შეხვედრით დაასრულა (ვიდეო)

     საქართველო, 7 მაისი, საქინფორმი. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია ლევან იზორიას ხელმძღვანელობით ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანს მეირ შაბათს შეხვდა. მხარეებმა რეგიონში შექმნილი უსაფრთხოების გარემო განიხილეს და მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი. როგორც ლევან იზორიამ აღნიშნა, საქართველოსა და ისრაელს შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა მაქსიმალურად უნდა გაძლიერდეს (ვიდეო იხ. აქ).
ვიზიტის ფარგლებში ცნობილი გახდა, რომ ისრაელის თავდაცვის მინისტრი საქართველოს პირველი ოფიციალური ვიზიტით ეწვევა, რაც ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში მჭიდრო თანამშრომლობას ადასტურებს.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოსა და ისრაელის თავდაცვის სამინისტროებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რაც ქვეყნებს შორის უსაფრთხოებასა და მშვიდობაზე იქნება ორიენტირებული. ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაციამ, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანის გარდა, შეხვედრები თავდაცვის სამინისტროსა და ეროვნული უსაფრთხოების შესწავლის ინსტიტუტში გამართა.