რას უპირისპირდებოდა ბატონი გიორგი მარგველაშვილი
საზოგადოება
რას უპირისპირდებოდა ბატონი გიორგი მარგველაშვილი

     საქართველო, 4 მაისი, საქინფორმი. „2020 წლის ბოლოს არავის ემახსოვრება, რას ამბობდა გიორგი მარგველაშვილი საკონსტიტუციო რეფორმასა და ჩვენ მიერ მიღებულ დოკუმენტზე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, 2020 წლის ბოლოს ქართველ ხალხს ეცოდინება, რომ ქვეყანას აქვს ძალიან დახვეწილი, ევროპული ტიპის, ევროპული სტანდარტების კონსტიტუცია, რომელიც ამკვიდრებს საუკეთესო ევროპული სტანდარტების საპარლამენტო მმართველობის სისტემას.
თავისი ბუნებით ეს არის ყველაზე დემოკრატიული მმართველობის სისტემა, სადაც არის წარმოდგენილი პროპორციული საარჩევნო სისტემა საპარლამენტო არჩევნებისთვის და სადაც გაძლიერებულია ოპოზიციის როლი და ფუნქციები პოლიტიკურ სისტემაში.
მთლიანობაში, ეს არის ის დოკუმენტი, რომელიც შეუძლებელს ხდის ჩვენს ქვეყანაში ავტოკრატიის, ავტორიტარული რეჟიმის გამეორებას. ეს არის მთავარი მიღწევა ჩვენ მიერ განხორციელებული რეფორმის და ზუსტად ამას უპირისპირდებოდა ბატონი გიორგი მარგველაშვილი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ გიორგი მარგველაშვილმა ვერცერთი კონკრეტული შენიშვნა ვერ გამოთქვა კონსტიტუციაზე. ირაკლი კობახიძემ უშიშროების საბჭოს გაუქმების საკითხზე ილაპარაკა და განმარტა, რომ უშიშროების საბჭო დღეს არის არაქმედითი ორგანო და მისი გაუქმება იყო ლოგიკური და უალტერნატივო გადაწყვეტილება.
მე თვითონ გახლავართ უშიშროების საბჭოს წევრი და ძალიან კარგად ვიცი, რა საქმიანობით, რა ფუნქციებით არის, ასე ვთქვათ, დაკავებული ეს ინსტიტუტი.
რეალურად, ეს ორგანო ვერ ფუნქციონირებს და ეს არ არის არც გიორგი მარგველაშვილის ბრალი, არც უშიშროების საბჭოს მდივნის ბრალი, ეს არის იმის ბრალი, რომ ეს ორგანო არ არის ლოგიკურად თავსებადი იმ სისტემასთან, რომელიც ჩამოყალიბდა საქართველოში 2013 წლიდან.
აქედან გამომდინარე, უშიშროების საბჭოს გაუქმება იყო ლოგიკური, ეს იყო უალტერნატივოდ სწორი გადაწყვეტილება. როცა ჩვენ ვიღებდით ამ გადაწყვეტილებას, კონსულტაციები გავიარეთ ყველა სტრატეგიულ პარტნიორთან, განსაკუთრებით იმ პარტნიორებთან, რომლებიც დაინტერესებული არიან საქართველოში თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებით, უსაფრთხოების სისტემის გაძლიერებით, პირდაპირ დავასახელებეს იყო ნატოს სამეკავშირეო ოფისი თბილისში, ეს იყო ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო, ჩვენი პარტნიორები, ევროკავშირის წარმომადგენლობა და ასე შემდეგ.
ასეთი ფართო კონსულტაციების საფუძველზე ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება უშიშროების საბჭოს გაუქმების თაობაზე და ამ გადაწყვეტილებას არ ჰქონდა სხვა რაციონალური ალტერნატივა“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.
ირაკლი კობახიძემ ყურადღება გაამახვილა ასევე საპრეზიდენტო არჩევნების საკითხზე და აქცენტი გააკეთა ვენეციის კომისიის დასკვნაზე, სადაც, მისი თქმით, ცალსახად აღნიშნულია, რომ არაპირდაპირი არჩევნების შემოღება საპრეზიდენტო არჩევნებისთვის იყო დადებითი მოვლენა.
ეს ცვლილება დადებითად იქნა შეფასებული ვენეციის კომისიის მიერ იმიტომ, რომ ეს სისტემა არის უფრო მეტად თავსებადი საპარლამენტო მმართველობის მოდელთან. შესაბამისად, ამ შემთხვევაშიც, პრეზიდენტის კრიტიკა არ იყო, სამწუხაროდ, დასაბუთებული.
ასევე, მე მინდა, ხაზი გავუსვა ერთ რამეს. წინა პარლამენტში, წინა პარლამენტის პერიოდში მოქმედებდა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია. ამ კომისიამ იმუშავა სამი წლის განმავლობაში და ვერ დადო ვერავითარი შედეგი. შედეგი ერთადერთი იყო ოცგვერდიანი ჩამონათვალი სხვადსხვა სუბიექტის რეკომენდაციებისა და ეს რეკომენდაციებიც არ იყო სისტემატიზებული, ეს იყო სამწლიანი მუშაობის შედეგი.
თქვენ არ გახსოვთ მაშინ არავითარი კრიტიკა პრეზიდენტის მხრიდან ამ კომისიის მიმართ, ამ კომისიის ხელმძღვანელობის მიმართ. ძალიან მარტივი ახსნა აქვს ამას. რეალურად, მაშინაც პრეზიდენტის ინტერესი იყო რეფორმის ჩავარდნა და იგივე მიზანი ამოძრავებდა პრეზიდენტს ამ მოწვევის პარლამენტის პირობებშიც.
სამწუხაროდ, ეს იყო დესტრუქციული მიდგომა, რომელიც გამოავლინა პრეზიდენტმა კომისიაში არმონაწილეობით, მუდმივი კრიტიკით, დაპირისპირებით, ალტერნატიული ფორმატების შექმნითა და კიდევ ერთხელამ შემთხვევაშიც, პრეზიდენტმა შეასრულა არა გამაერთიანებლის, არამედ იმ ადამიანის ფუნქცია, რომელიც თიშავს, ცდილობს, გაყოს და ცდილობს, დაპირისპირება წარმოქმნას ხელოვნურად“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.