გიორგი აბაშიშვილი - საპარლამენტო უმრავლესობის შემოთავაზება უღირსი და არასერიოზულია
პოლიტიკა
გიორგი აბაშიშვილი - საპარლამენტო უმრავლესობის შემოთავაზება უღირსი და არასერიოზულია

     საქართველო, 4 მაისი, საქინფორმი. პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი საპარლამენტო უმრავლესობის მიერ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილისთვის სატელევიზიო დებატების შეთავაზებას არასერიოზულს და უღირსს უწოდებს. ამის შესახებ გიორგი აბაშიშვილმა „მოამბის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, დებატები პარლამენტში გუშინ უნდა შემდგარიყო. დღეს კი მსგავსი შეთავაზების განხილვა შეუძლებელია.
როგორც ჩანს, გუშინ ძალიან მძიმე დღე ჰქონდათ უმრავლესობის წევრებს, დღეს რომ სრულიად არასერიოზული შემოთავაზება წარმოადგინეს. რეალურად, საკონსტიტუციო პროცესი იცნობს ისეთ სიტუაციას, როდესაც ხდება პრეზიდენტის მისვლა პარლამენტში, ყოველწლიური მოხსენება და დებატები, რაც გუშინ უნდა შემდგარიყო. ამ საკონსტიტუციო პროცესის ნაცვლად, წარმოადგინეს სრულიად არასერიოზული შემოთავაზება და ბუნებრივია, შეუძლებელია ასეთი ტიპის შემოთავაზების აბსოლუტურად ღირებულებითი განხილვა, ვინაიდან, ჩემი აზრით, არის უღირსი შემოთავაზება“, – განაცხადა აბაშიშვილმა.
მისი შეფასებით, პრეზიდენტი გუშინ მზად იყო დებატებისთვის, თუმცა პარლამენტმა კომფორტის ზონაში ყოფნა არჩია.
ერთპარტიულმა პარლამენტმა, როგორც ჩანს, არჩია, რომ ყოფილიყო მისი კომფორტის ზონაში. როგორც მათ ესმით დემოკრატია, ეს არის ერთი პარტიის საუბარი და, ბუნებრივია, დარჩნენ ამ ზონაში, შეურაცხყოფა მიაყენეს პარლამენტს, როგორც ინსტიტუტს, გაექცნენ პრეზიდენტთან დებატებს. რა აშინებთ და რატომ გაურბიან ამ თემებზე საუბარს, რაზეც გუშინ პრეზიდენტმა ისაუბრა“, – აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.
მისი თქმით, უპირველეს ყოვლისა, დებატებს უმრავლესობა გაექცა და მარგველაშვილს რეგლამენტის შეცვლა არ მოუთხოვია.
პირველ რიგში, ცხადია, გაექცა უმრავლესობა, რადგან უმრავლესობამ არ მისცა საშუალება საქართველოს პრეზიდენტს, ედებატა. ეს ყველამ ნახა. არანაირი რეგლამენტის შეცვლა არ მოუთხოვია. საუბარი იყო უმრავლესობის მხრიდან პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლამდე რამდენიმე დღით ადრე, რომ სურდათ დებატები და დაგვაბრალეს, თითქოს ჩვენ არ გვინდოდა დებატები, თუმცა ამას ყოველწლიურად ვითხოვდით. წინა დღეს გვქონდა განცხადება, სადაც ვთქვი, რომ ცხადია, პოლიტიკურად მზად ვართ ამ დებატებისთვის, ამ ფორმატით ვიყავით მისული, ეს ფორმატი იყო განსაზღვრული და როგორც ყოველთვის, უმრავლესობამ მოიტყუა, რაც ძალიან კარგად ეხერხებათ და დარჩნენ საკუთარი კომფორტის ზონაში“, – განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.
მისი თქმით, დებატების საშუალებას რეგლამენტი იძლეოდა და ფასადური იყო კენჭისყრა, რომელიც გუშინდელ სხდომაზე ჩატარდა დებატების ფორმატის შეცვლის მიზნით.
ჩვენი თანხმობა იყო დებატებზე. ამის საშუალებას რეგლამენტი იძლეოდა, რეგლამენტის დარღვევაა ის, რაც გუშინ გააკეთეს, ვითომ კენჭისყრა ჩაატარეს, მორიგი ფასადური, როგორც საკონსტიტუციო ცვლილებები გააკეთეს ფასადურად, როგორც ფასადურად გვეუბნებიან, რომ დემოკრატიაა. ეს გააკეთეს გუშინ, როდესაც ისინი გაექცნენ დებატებს“, – განაცხადა აბაშიშვილმა „მოამბის“ ეთერში.
უმრავლესობისთვის ეს იყო დისკომფორტი. მესმის, მათ ძალიან უჭირთ იმ რეალურ პრობლემებზე ისაუბრონ, რაც მათ გუშინ პრეზიდენტმა დაუსახა. ამაზე დღევანდელი განცხადებებიც მეტყველებს. ძალიან სამწუხაროა, რა მდგომარეობაშიც ვხედავთ დღეს საქართველოს პარლამენტის უმრავლესობას, – დაასკვნა აბაშიშვილმა.
საპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს სატელევიზიო დებატებს სთავაზობს. ამის შესახებ მედიის წარმომადგენლებთან საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ილაპარაკა.
პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი 2 მაისს პარლამენტში წლიური მოხსენებით გამოვიდა. სხდომა დებატების ფორმატში უნდა წარმართულიყო, თუმცა მარგველაშვილმა სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა. მან დეპუტატებთან უშუალოდ მათი გამოსვლის დროს დიალოგში შესვლისა და პასუხების გაცემის საშუალება მოითხოვა, რაზეც პარლამენტის თავმჯდომარემ განუცხადა, რომ ეს იყო რეგლამენტის დარღვევა და მას პასუხის გაცემის საშუალება დასკვნითი სიტყვის დროს მიეცემოდა. ამის შემდეგ პრეზიდენტმა სხდომათა დარბაზი დატოვა.