სომხეთის პარლამენტი ახალი პრემიერ-მინისტრის არჩევის საკითხს 8 მაისს განიხილავს
უცხოეთი
სომხეთის პარლამენტი ახალი პრემიერ-მინისტრის არჩევის საკითხს 8 მაისს განიხილავს

     საქართველო, 3 მაისი, საქინფორმი. სომხეთის პარლამენტი ახალი პრემიერ-მინისტრის არჩევის საკითხს 8 მაისს, სპეციალურ სხდომაზე განიხილავს. სომხეთის ეროვნული კრების თავმჯდომარის, არა ბაბლოიანის განცხადებით, სხდომა შუა დღის 12:00 საათზე დაიწყება.
სომხეთის კონსტიტუციის თანახმად, თუ პრემიერ-მინისტრის არჩევა ვერ მოხერხდება, კენჭისყრიდან ერთ კვირაში ახალი პრემიერ-მინისტრის არჩევნები უნდა დაინიშნოს. თუ მთავრობის ხელმძღვანელს მეორედაც ვერ აირჩევენ, პარლამენტი უნდა დაითხოვონ, რის შემდეგაც ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება.
შექმნილი კრიზისული მდგომარეობიდან გამომდინარე, პრემიერ-მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელი, კარენ კარაპეტიანი ყველა პოლიტიკურ ძალას „მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომისკენ“ მოუწოდებს.
კარაპეტიანის თქმით, მთავრობის ხელმძღვანელის არჩევა მხოლოდ პარლამენტში უნდა მოხდეს და სხვა საშუალება, არც თეორიული და არც პრაქტიკული არ არსებობს.
საპროტესტო აქციების ფონზე, განცხადება გაავრცელა სომხეთის პრეზიდენტმაც. არმენ სარგსიანი ამბობს, რომ კრიზისიდან გამოსასვლელად უახლოესი კვირების განმავლობაში კონსულტაციები უნდა გაგრძელდეს.
შეგახსენებთ, გუშინ სომხეთის ეროვნული კრების დეპუტატებმა მხარი არ დაუჭირეს პრემიერ-მინისტრის პოსტზე ნიკოლ ფაშინიანის კანდიდატურას. დღეს სომხეთის ოპოზიციამ საყოველთაო დაუმორჩილებლობის აქციები განაახლა. ფაშინიანის მომხრეებმა დილიდან გზები გადაკეტეს.

1tv.ge