მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, სომხურ-ქართული ურთიერთობა დავიცვათ გეოპოლიტიკური ზეგავლენისგან - ნიკოლ ფაშინიანი
საზოგადოება
მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, სომხურ-ქართული ურთიერთობა დავიცვათ გეოპოლიტიკური ზეგავლენისგან - ნიკოლ ფაშინიანი

     საქართველო, 2 მაისი, საქინფორმი. სომხეთის საკანონმდებლო ორგანოში პრემიერ-მინისტრის არჩევის საკითხზე მსჯელობა პრემიერობის კანდიდატთან ნიკოლ ფაშინიანთან კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა.
პარლამენტის დეპუტატმა შირაკ თოროსიანმა ნიკოლ ფაშინიანს შეკითხვა საქართველოსთან დაკავშირებით დაუსვა.
სააკაშვილის მმართველობის წლებში ქართულ-სომხურ ურთიერთობებს ჰქონდა მხოლოდ ფორმალური სახე, სააკაშვილი პირველობას აძლევდა გეოპოლიტიკურ ორიენტაციას და საქართველო მოაქცია თურქულ-აზერბაიჯანული ტანდემის ეკონომიკური და პოლიტიკური ზეგავლენის ქვეშ. თუმცა, ახალი ხელისუფლება ცდილობს, პირველ ადგილზე დააყენოს საქართველოსა და სომხეთის რეგიონში საერთო ინტერესები, რომელიც დიალოგისთვის მიუკერძოებელ და ეფექტურ შესაძლებლობას შექმნის. თქვენი მოსაზრება ამ საკითხთან მიმართებაში“, – მიმართა შირაკ თოროსიანმა პრემიერობის კანდიდატს.
ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ორმხრივი ეროვნული იდენტობის პატივისცემა შეიძლება გახდეს ის ქვაკუთხედი, რომელზეც უნდა გაძლიერდეს და განვითარდეს სომხურ-ქართული მეგობრობა.
მიმაჩნია, რომ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, სომხურ-ქართული ურთიერთოები დავიცვათ გეოპოლიტიკური ზეგავლენისგან, ვინაიდან ხშირად პრობლემები და დაძაბულობა წარმოჩენილა არა იმის გამო, რომ ჩვენი ურთიერთობების პროცესი იყო დაძაბული, არამედ იმიტომ, რომ ზოგი საკითხი განხილულა არა სომხურ-ქართულ ჭრილში, არამედ სხვა ურთიერთობის კონტექსტში.
არ შეიძლება სომხურ-ქართული ურთიერთობები ეყრდნობოდეს არასომხურ-ქართულ სიბრტყეს. მიხარია, რომ დღეს საქართველოსა და სომხეთში არსებობს ამ რისკების მართვის გარემო. ვთვლი, რომ ორმხრივი ეროვნული იდენტობის პატივისცემა შეიძლება გახდეს ის ქვაკუთხედი, რომელზეც უნდა გაძლიერდეს და განვითარდეს სომხურ-ქართული მეგობრობა“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.
სომხეთის პრემიერობის ერთადერთი კანდიდატი სომხეთის ოპოზიციის ლიდერი ნიკოლ ფაშინიანია. პარლამენტში მსჯელობის პარალელურად, ერევნის ქუჩებში მასობრივი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.