უცხოეთი
ნიკოლ ფაშინიანი - სომეხი ხალხის მიზანი სომხეთში დამკვიდრებული კორუფციული სისტემის დანგრევაა

     საქართველო, 2 მაისი, საქინფორმი. სომეხი ხალხის მიზანი არა პრემიერ-მინისტრის შეცვლა, არამედ სომხეთში დამკვიდრებული კორუფციული, ხალხის საწინააღმდეგო სასტიკი სისტემის დანგრევაა, – ამის შესახებ განცხადება სომხეთის ოპოზიციის ლიდერმა ნიკოლ ფაშინიანმა დღეს პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, რომელიც პრემიერ-მინისტრის პოსტზე წარდგენილი ერთადერთი კანდიდატია.
„ისე ჩანდა, რომ მმართველი პარტია შეაფასებს სიტუაციას და ხალხისს და სახელმწიფოს ინტერესით იხელმძღვნელებდა. თუმცა, რესპუბლიკური პარტიის მმართველები, რომელთაც სერჟ სარგსიანი ხელმძღვანელობს, საკუთარ ხალხთან კატა-თაგვობანას თამაშს აგრძელებენ. მათ ამ დრომდე არ უთქვამთ, რომ ხალხის კანდიდატს დაუჭერენ მხარს, თუმცა ხვდებიან, რომ ეს ერთადერთი გზაა კრიზისის დასაძლევად“, – განაცხადა ფაშინიანმა.
თავის გამოსვლაში ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ოპოზიციამ ყველაფერი გააკეთა, რათა სერჟ სარგსიანის რესპუბლიკური პარტიიდან ღირსეულად წასვლა უზრუნველეყოთ. თუმცა, მისივე განცხადებით, რესპუბლიკური პარტიის წევრები ამას როგორც ჩანს სისუსტედ თვლიან.
„გუშინ საღამოს გავრცელდა ჭორები, რომ სერჟ სარგსიანი და რობერტ ქოცარიანი პირადად ახდენენ ზეწოლას პარლამენტარებზე. ემუქრებიან მათ და მოუწოდებენ ხმა არ მისცენ სახალხო კანდიდატს. ამ ტანდემმა შეიმუშავა ახალი გეგემა, რაც სახალხო მღელვარების აღკვეთას და მათ ხელისუფლებაში დაბურნებას ისახავს მიზნად. ბატონებო, თქვენ კვლავ ვერ ხვდებით, რა ხდება სომხეთში და თქვენმა მცდელობამ, ძირი გამოუთხაროთ სახალხო მოძრობას, შესაძლოა, არაპროგნოზირებადი და არასასურველი შედეგი გამოიწვიოს. გამოფხიზლდით, სანამ გვიანი არ არის, რადგან ასეთი ქცეევა პოლიტიკურ ცუნამის გამოიწვევს“, – განაცხადა ფაშინიანმა.
გამოსვლის ბოლოს მან კიდევ ერთხელ მოუწოდა მომხრეებს ქუჩებში გამოსვლისკენ.
„თქვენი გამარჯვების მოპარვა კვლავ სურთ“, – განაცხადა ფაშინიანმა.

1tv.ge