რეჯეფ თაიფ ერდოღანი - ძმები არველაძეები თურქეთში მოღვაწეობდნენ და ახლა გუნდს უზბეკეთში წვრთნიან, ეს შესანიშნავი კომბინაციაა (ვიდეო)
უცხოეთი
რეჯეფ თაიფ ერდოღანი - ძმები არველაძეები თურქეთში მოღვაწეობდნენ და ახლა გუნდს უზბეკეთში წვრთნიან, ეს შესანიშნავი კომბინაციაა (ვიდეო)

     საქართველო, 2 მაისი, საქინფორმი. თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ოფიციალური ვიზიტით უზბეკეთში იმყოფება. დღეს ის ტაშკენტში, ქვეყნის პრეზიდენტ შავკატ მირზიოევთან ერთად, ბიზნესმენებს, პოლიტიკოსებსა და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა.
საინტერესოა, რომ სტუმართა შორის ტაშკენტის „ფახტაკორის“ მთავარი მწვრთნელი შოთა არველაძე და მისი ტყუპისცალი, ამავე გუნდის სპორტული დირექტორი არჩილ არველაძე მიიწვიეს, რომლებიც თურქულ „ტრაბზონსპორში“ წლების განმავლობაში თამაშობდნენ და კლუბის ლეგენდები არიან. მათ თურქეთის პრეზიდენტისგან სიურპრიზი ელოდათ (ვიდეო იხ. აქ).
„უზბეკეთში ბევრი სასიკეთო ინვესტიციის განხორციელებას ვაპირებთ, რომელიც ბევრ სხვადასხვა სფეროს შეეხება. ეს არ იქნება მხოლოდ ეკონომიკური მიმართულება, ინვესტიცია მოიცავს განათლებას და კულტურასაც. ამავდროულად, აქ არიან შოთა და არჩილი, რომლებიც ჩვენთან, თურქეთში წლების განმავლობაში მოღვაწეობდნენ და ახლა გუნდს უზბეკეთში წვრთნიან. ეს შესანიშნავი კომბინაციაა“, – განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.
ამ შეხვედრაზე „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე პოსტი შოთა არველაძემ გაავრცელა.
„შეხვედრაზე მე და აჩიც ვიმყოფებოდით. მოულოდნელად, ეკონომიკის განვითარებასა და ქვეყნებს შორის არსებულ ურთიერთობებზე საუბრის დროს, ერდოღანმა ჩემზე და აჩიზე დაიწყო ლაპარაკი, შემდეგ სცენაზე ასვლა გვთხოვა. მინდა, მადლობა გადავუხადო თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, რომელიც ყოველთვის გამოირჩეოდა ჩვენს მიმართ გულთბილი დამოკიდებულებით. ასევე, უზბეკეთის პრეზიდენტ შავკატ მირზიოევს თბილი შეხვედრისთვის. ჩვენთვის დიდი პატივია ასეთ მასშტაბურ ფორუმზე მათთან შეხვედრა, რისთვისაც ორივე მხარეს კიდევ ერთხელ ვუხდით დიდ მადლობას“, – წერს შოთა არველაძე.

1tv.ge