სამართალი
კრწანისის სასწავლო ცენტრში მომხდარ შემთხვევაზე შსს ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს

     საქართველო, 1 მაისი, საქინფორმი. კრწანისში, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასწავლო ცენტრში მომხდარ შემთხვევაზე, რა დროსაც ორი ადამიანი დაშავდა, შინაგან საქმეთა სამინისტრო ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.
მიმდინარე წლის 29 აპრილს გარდაბნის რაიონული სამმართველოს თელეთის განყოფილებაში შემოვიდა შეტყობინება, რომ გარდაბნის რაიონის სოფელ კრწანისში მდებარე, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის, საბრძოლო მომზადებისა და გადამზადების სამმართველოს პოლიგონზე ორი მოქალაქე – 1994 წელს დაბადებული .. და 1987 წელს დაბადებული .. დაშავდა.
შეტყობინების საფუძველზე დაწყებული გამოძიებით დადგინდა, რომ ორმა სამოქალაქო პირმა, ამკრაძალავი ნიშნების მიუხედავად, პოლიგონის ტერიტორიაზე მართლსაწინააღმდეგოდ შეაღწია, სადაც იპოვეს მცირე ზომის მეტალის ნივთი, სავარაუდოდ, ჭურვი, რომელიც ერთ-ერთმა მათგანმა იქვე მოისროლა, რა დროსაც ეს ნივთი აფეთქდა. შედეგად ორივე მათგანმა მიიღო სხეულის დაზიანება. ორივე დაშავებული მოქალაქე სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც მათ სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“, – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.
უწყების ცნობით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.