უცხოეთი
ირლანდიამ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა

     საქართველო, 1 მაისი, საქინფორმი. ირლანდიის რესპუბლიკამ საქართველო უსაფრთხო კატეგორიის ქვეყნების სიაში შეიყვანა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება ირლანდიის იუსტიციის სამინისტრომ მიიღო. მინისტრის შესაბამის განკარგულებაში აღნიშნულია, რომ საქართველომ აღნიშნულ კატეგორიაში აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებთან ერთად გადაინაცვლა.
უწყების ცნობით, ირლანდია ევროკავშირის/შენგენის სივრცეში მეცხრე ქვეყანაა, იმ თორმეტი სახელმწიფოდან, რომელსაც აღნიშნული კლასიფიკაცია გააჩნია და რომელმაც საქართველოსთან მიმართებაში შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო.
„აღნიშნული გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ მეტყველებს დასავლელი პარტნიორების მხრიდან საქართველოში დემოკრატიული რეფორმების გზით ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვის აღიარებაზე“, – აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.
უწყება განმარტავს, რომ ირლანდიის რესპუბლიკის მხრიდან საქართველოს უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეყვანის შედეგად საქართველოს მოქალაქეების თავშესაფრის განაცხადების განსახილველად გამოყენებული იქნება დაჩქარებული პროცედურა, რაც განაცხადის განხილვის ვადას შეამცირებს.
საქართველო უსაფრთხო ქვეყნად აღიარებული აქვს ლუქსემბურგს, ბელგიას, ნიდერლანდებს, საფრანგეთს, ბულგარეთს, ავსტრიას, ლიხტენშტეინს და ისლანდიას.
ირლანდიის რესპუბლიკის აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაშია მიმდინარე წლის 16 აპრილიდან.

1tv.ge