ევროპარლამენტის დეპუტატები ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას იწონებენ
საზოგადოება
ევროპარლამენტის დეპუტატები ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას იწონებენ

     საქართველო. 30 აპრილი, საქინფორმი. ევროპარლამენტის წევრი ანა გომეში ფიქრობს, რომ პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარედ ბიძინა ივანიშვილის არჩევა მისასალმებელია, რადგან, მისი თქმით, ივანიშვილი პასუხისმგებლობას აიღებს პარტიის საქმიანობაზე. ევროპარლამენტარი თვლის, რომ ბიძინა ივანიშვილი „ქართული ოცნების“ დამფუძნებელია და უნდა იყოს პარტიის ხელმძღვანელიც. მე პოზიტიურად ვაფასებ ბიძინა ივანიშვილის დაბრუნებას. ძალიან კარგია და მისასალმებელია, რომ ის აიღებს პასუხისმგებლობას. ბიძინა ივანიშვილი პარტიის ლიდერი იყო და დარჩა ამ პოზიციაზე. ეს ყველამ კარგად იცის. კარგია, რომ აიღებს პასუხიმგებლობას პარტიის საქმიანობაზე. ბიძინა ივანიშვილი არის პარტიის დამფუძნებელი და უნდა იყოს პარტიის ხელმძღვანელი“, – განუცხადა პირველ არხს ანა გომეშმა.
ევროპარლამენტის წევრი ანდრეს მამიკინსი ფიქრობს, რომ პარტია ქართულმა ოცნებამ თვითონ უნდა გადაწყვიტოს, ვინ იქნება გაერთიანების ლიდერი. ქართულმა ოცნებამ“, როგორც პოლიტიკურმა ძალამ, თვითონ უნდა გადაწყვიტოს, თუ ვინ იქნება პარტიის ლიდერი. ეს მათი საქმე და მათი გადასაწყვეტია“, – განუცხადა პირველ არხს ანდრეს მამიკინსმა.
მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილი საკმაოდ გავლენიანი პოლიტიკოსია საქართველოში. რაც შეეხება შეფასებას, ბიძინა ივანიშვილი იყო თქვენი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, პარტიის ლიდერი და ახლა მისი დაბრუნება მხოლოდ ფორმალობაა. ბიძინა ივანიშვილი საკმაოდ გავლენიან პოლიტიკოსად რჩება ქართულ პოლიტიკურ სცენაზე“, – აღნიშნა ევროპარლამენტარმა.
ანდრეს მამიკინსის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის სურვილი აქვს, რადგან ასოცირების დღის წესრიგის იმპლემენტაციაზე ახალ ანგარიშს ამზადებს და გარკვეულ საკითხებზე ივანიშვილის ხედვის მოსმენა სურს. მე ვარ ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტიდან მომხსენებელი საქართველოზე. ვამზადებ ახალ ანგარიშს ასოცირების დღის წესრიგის იმპლემენტაციის შესახებ. მე მაქვს კითხვები და მინდა, ეს კითხვები ბიძინა ივანიშვილს დავუსვა, მისი პასუხები მოვისმინო დემოკრატიაზე, რეგიონში არსებულ ვითარებაზე, საქართველოს მომავალზე, ევროკავშირთან ურთიერთობაზე. მე ვფიქრობ, რომ ბიძინა ივანიშვილს შეუძლია, ამ კითხვებს პასუხი გასცეს. დარწმუნებული ვარ, რომ ბიძინა ივანიშვილს აქვს საკუთარი ხედვა ამ საკითხების მიმართ“, – განაცხადა ანდრეს მამიკინსმა.
როგორც საქინფორმი იუწყებოდა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მმართველი პარტიის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა და პარტიას ისევ მისი დამფუძნებელი - საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი უხელმძღვანელებს.
ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა „ქართული ოცნების“ ოფისში, პარტიის ხელმძღვანელობისა და საპარლამენტო უმრავლესობიდან პარლამენტის ბიუროს წევრების შეხვედრის დასრულების შემდეგ ჩატარებულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ესწრებოდა.