საზოგადოება
მანდატურებს “უფროსი მეგობრები” ჩაანაცვლებენ

ufrosi_megobariთბილისის №52-ე საჯარო სკოლაში ახალი პროექტის "ჩემი უფროსი მეგობარი" პრეზენტაცია გაიმართა. პროექტს იუსტიციისა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროები ხელმძღვანელობენ.

პროექტი გაეროს ასოციაციასთან აქტიური თანამშრომლობით მიმდინარეობს. პრეზენტაცია განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ირინა ქურდაძემ და იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსმა, ანდრო გიგაურმა გამართეს და მათ სკოლის მოსწავლეებს პროექტის მიზნები გააცნეს.

პროექტის მიხედვით, სკოლის მოსწავლეებს უფროსი თაობის სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები პრობლემების გადაჭრაში დაეხმარებიან. განუმარტავენ კანონის ნორმებს, დაეხმარებიან დავალებების შესრულებაში, კომუნიკაციის დამყარებასა და სხვა პრობლემების მოგვარებაში. პროექტის ორგანიზატორების მხრიდან სხვადასხვა სახის დახმარების გაწევა ბავშვის საჭიროებიდან გამომდინარე მოხდება.

როგორც ანდრო გიგაურმა განაცხადა, ახალი პროგრამა არასრულწლოვანის და უფროსი თაობის ადამიანის ნებაყოფლობით მეგობრობას გულისხმობს.

"ამ ურთიერთობების ფარგლებში, მოზარდი უფროსი მეგობრისგან სწავლობს ადამიანურ ურთიერთობებს, ყოველდღიურ პრობლემებთან გამკლავებას, დაშვებული შეცდომების გააზრებასა და მათ გამოსწორებას, შეიგრძნობს საკუთარ პასუხისმგებლობას საზოგადოების მიმართ. მნიშვნელოვანია, რომ ყველაფერ ამას არასრულწლოვანი მაგალითის სახით იღებს უფროს მეგობართან ურთიერთობის პროცესში და არა თეორიული სწავლების სახით, რაც პროექტის ეფექტურობას უზრუნველყოფს", - განაცხადა გიგაურმა.

შეხვედრის ბოლოს ანდრო გიგაურმა და ირინა ქურდაძემ უფროსკლასელების მიერ პროექტის გარშემო დასმულ შეკითხვებს უპასუხეს. "ჩემი უფროსი მეგობარი" იუსტიციის სამინისტრომ და გაეროს ასოციაციამ ერთობლივად შეიმუშავეს. პროექტი 2011 წლის იანვრიდან ამოქმედდა და მიზნად ისახავს სხვადასხვა ტიპის პრობლემების მქონე, მათ შორის კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანებზე ზრუნვას.

საქინფორმი ერთ-ერთი სკოლის დირექტორსაც დაუკავშირდა, რომელმაც საკუთარი ვინაობის დასახელება იმ უბრალო მიზეზის გამო არ ისურვა, რომ ეშნია. ამ წამოწყების შესახებ მას თავისი შეხედულება აქვს:

"პირველ რიგში, არ მინდა, ჩემი სახელი და გვარი დავასახელო, აკი მათგან განსხვავებული პოზიცია და აზრი მაქვს. ძალიან კარგია, რომ ილობენ, სხვადასხვა ასაკის ადამიანები დაამეგობრონ. ეს აუცილებელია ახალი თაობისთვს, რომ უფოსების ნდობა ქონდეთ, მაგრამ ვინმემ ამიხსნას მაშინ, რას ნიშნავს მაშინ მანდატურის ინსტიტუტი? ეს ინსტიტუტი ხომ ზუსტად მავე მიზნებისთვის შექმნეს? თუ არ გაამართლა და არ უნდათ, რომ აღიარონ და ამ ახალი პროექტით ანაცვლებენ?”

მანდატურებზე ალაპარაკდნენ სხვადასხვა ოპოზიციური პარტიებიც.

დღეს საპარლამენტო ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატები" არასამთავრობო ორგანიზაციებს შეხვდნენ, სადაც ვიცე-სპიკერმა ლევან ვეფხვაძემ განაცხადა,რომ სკოლებში მანდატურებს იმაზე მეტი უფლებები აქვთ მინიჭებული, ვიდრე ბავშვებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნაა. მისი თქმით, მანდატურებს შეუძლიათ პედაგოგის საქმიანობაში ჩარევა და მათი კონტროლი.

ლევან ვეფხვაძემ ასევე აღნიშნა, რომ მანდატურებსა და პედაგოგებს შორის ვითარება კიდევ უფრო დაიძაბა, რაც ერთ-ერთი მათგანი დირექტორად დაინიშნა და ამით მანდატურებს გაკვეთილის მსვლელობისას კლასის კარზე ყურის მიდების მიზეზი გაუჩნდათ და გაუძლიერდათ.

ლევან ვეფხვაძე ხაზს უსვამს, რომ სკოლაში მანდატურის ფუნქცია უნდა იყოს წესრიგის დაცვა და არა პედაგოგის კონტროლი.