პუბლიკაციები
ვეტერანებს პროფესიული განათლების პროგრამები გააცნეს

     საქართველო, 20 აპრილი, საქინფორმი. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მხარდაჭერით, საზოგადოებრივი კოლეჯის, "სპექტრის" წარმომადგენლებმა, ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებთან, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში შეხვედრა გამართეს.

საზოგადოებრივი კოლეჯის, "სპექტრის" დირექტორმა, მათე ტაკიძემ მოწვეულ სტუმრებს დეტალურად გააცნო კოლეჯში არსებული მიმართულებები და ის პროფესიები, რომლებიც ქვეყანაში მოთხოვნადი და, ამავე დროს,დეფიციტურია. მისი განცხადებით, ახალი სასწავლო წლიდან (სექტემბრიდან) კოლეჯის ბაზაზე, რეგიონიდან ჩამოსული სტუდენტებისთვის ფუნქციონირებას დაიწყებს საერთო საცხოვრებელი. აღსანიშნავია, ასევე, ისიც, რომ შშმ პირები, რომლებიც ჩააბარებენ საზოგადოებრივ კოლეჯში, ისარგებლებენ ტრანსპორტირების სერვისით ქვეყნის ნებისმიერი კუთხიდან.

მათე ტაკიძის განცხადებით, კოლეჯის ნებისმიერი კურსდამთავრებული, კვალიფიცირებული კადრისთვის დასაქმების პრობლემა არ დადგება, გამომდინარე იქედან, რომ შრომით ბაზარზე ეს პროფესიები მოთხოვნადი და მაღალანაზღაურებადია. კოლეჯს, ასევე, შესწევს უნარი, საზღვარგარეთ,ლეგალურად დაასაქმოს პროფესიონალი კადრები.

„დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ შევიკრიბეთ, ვხედავ ახალ სახეებსაც, რაც ძალიან სასიხარულოა, ვინაიდან ჩვენი ვეტერანების ჩართულობა მსგავს ღონისძიებებში იზრდება.

დღეს დიდ პრობლემას წარმოადგენს ჩვენი ახალგაზრდების- შვილების, შვილიშვილების პროფესიული განათლების სისტემაში ჩართულობა და კიდევ უფრო პრობლემატურია განათლების მიღების შემდეგ მათი დასაქმებაც. ამ პროფესიული სასწავლებლების დამთავრების და შესაბამისი კვალიფიკაციის მიღების შემდეგ კი დასაქმების პრობლემა არ იქნება.

ეს შეხვედრა მნიშვნელოვნია იმითაც, რომ მიიღოთ მაქსიმალური ინფორმაცია პროფესიული განათლების საკითხებზე და თქვენთვის საინტერესო ყველა კითხვაზე მიიღოთ ამომწურავი ინფორმაცია."
- განაცხადა ვლადიმერ იმნაძემ.

" ჩვენ დღეს ამ დარბაზში შეკრებილნი ვართ ერთ-ერთი ღირსეული ფენის - ვეტერანების წარმომადგენლები. ჩვენ ვართ ის ადამიანები, ვინც თავისი სისხლი და ოფლი ღვარა, სიცოცხლე არ დაიშურა ამ ქვეყნისთვის. მეც ერთ-ერთი თქვენთაგანი ვარ და სიამაყით ვამბობ ამას. თუმცა, ბევრი, ჩვენზე ღირსეული, ბრძოლის ველზე დაეცა. იქნებ თავადაც ბევრჯერ მინატრია, ბრძოლის ველზე მეც დავღუპულიყავი, მაგრამ მე დღეს ცოცხალი ვარ თქვენთან ერთად და მიუხედავად ჩვენი რანგისა, ყველანი ერთნი ვართ, პასუხისმგებლობა გვაქვს ერთმანეთის წინაშე და ეს ცარიელი სიტყვები არაა. ამის მაგალითია დღევანდელი შეხვედრაც,რომ ჩვენი შვილები და შვილიშვილები მომზადებულნი დახვდნენ იმ ახალ გამოწვევებს, რომლებსაც დღევანდელობა გვიყენებს და შესაბამისი განათლებით აღიჭურვონ.

სწავლას 100% აფინანსებს სახელმწიფო , რაც ძალიან დიდი შვებაა ვეტერანთა ოჯახებისთვის. მიუხედავად დიდი განსაცდელებისა, რომლებიც ჩვენ ყველამ ერთად გამოვიარეთ, უნდა ვიყუროთ მომავლისკენ და წინ ვიაროთ."
- აღნიშნა კობა კობალაძემ.

პროფესიულ პროგრამებზე ჩარიცხვის უფლება აქვს ნებისმიერი ასაკის მქონე პირს, ვინც დაასრულა სულ მცირე, ცხრა კლასი და მიიღო საბაზისო განათლება. ჩარიცხვა ხდება რეგისტრაციის საფუძველზე, რომელიც წელიწადში ორჯერ ხორციელდება.

სწავლება ხორციელდება სახელმწიფოს დაფინანსებით. ყველა საქართველოს მოქალაქე, რომელიც გადალახავს ტესტირების მინიმალურ ზღვარს, მიიღებს 100%-იან სახელმწიფო დაფინანსებას .დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დეტალური ინფორმაცია მოიძიონ კოლეჯის ვებგვერდზე: http://www.spectri.org/

ღონისძიებას დაესწრნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, ვლადიმერ იმნაძე, დირექტორის მოადგილე, ნიკოლოზ კვეზერელი, საქართველოს პარლამენტის წევრი, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე კობა კობალაძე, პარლამენტის წევრი, შოთა ხაბარელი და საზოგადოებრივი კოლეჯის "სპექტრის" დირექტორი, მათე ტაკიძე.