უცხოეთი
ბოლო ორი დღის განმავლობაში ერევანში აქციის 100-მდე მონაწილე დააკავეს

     საქართველო, 20 აპრილი, საქინფორმი. ბოლო ორი დღის განმავლობაში ერევანში საპროტესტო აქციების 100-მდე მონაწილე დააკავეს.
გუშინ სამართალდამცველებმა აქციებზე 68 ადამიანი დააკავეს, დღეს კი პოლიციამ 30 ადამიანის დაკავების შესახებ ინფორმაცია დაადასტურა.
გუშინ დაკავებული დემონსტრანტების დიდი ნაწილი უკვე გათავისუფლებულია. სომხეთის პოლიციის პრესსამსახურის ინფორმაციით, თუ დაკავებულებს სამ საათში არ ათავისუფლებენ, ეს იმის მანიშნებელია, რომ კანონდარღვევაში არაინ ეჭვმიტანილი.
უკვე რამდენიმე დღეა, ერევანში ოპოზიციონერი დეპუტატის, ნიკოლ ფაშინიანის ორგანიზებით, საპროტესტო გამოსვლები იმართება.
აქციის მონაწილეები პრემიერ-მინისტრად ყოფილი პრეზიდენტის, სერჟ სარგსიანის არჩევას აპროტესტებენ. ​გუშინ დემონსტრანტებმა რამდენიმე სამთავრობო შენობის ბლოკირება მოახდინეს.
აქციების მიმდინარეობის დღეებში ვრცელდებოდა ინფორმაცია დაკავებულთა სხვადასხვა რაოდენობის შესახებ.
დღეს დილით დემონსტრანტები მთავრობის სახლთან შეიკრიბნენ, რის შემდეგაც სომხეთის სპეციალური დანიშნულების რაზმმა დემონსტრანტების ტერიტორიიდან გაყვანა დაიწყო. დააკავეს მომიტინგეთა ნაწილი.
სომხეთის პარლამენტმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრად ექსპრეზიდენტი სერჟ სარგსიანი 17 აპრილს დაამტკიცა. დღეს სომხეთში ახალი მთავრობის პირველი სხდომა გაიმართება.

1tv.ge