პოლიტიკა
„ამაოებას არ ამოება“ – ზომბების თავყრილობა ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად

gori_memorialმედიასაშუალებებმა საზოგადოებას დიდი ზარზეიმით ამცნეს, რომ გორის ცენტრალურ მოედანზე, სტალინის ძეგლის ადგილზე "TAMARA STUDIO"-ს წარმომადგენლების - თამარ კვესიტაძისა და პაატა სანაიას მიერ შექმნილი მემორიალი "ამაოებას არ ამოება" დაიდგმება.

ამ ინფორმაციის გაჟღერებისთანავე ქართული ინტერნეტფორუმები მემორიალისა და მისი სახელწოდების, ასევე, იდეის ავტორთა კრიტიკით გაივსო. საზოგაოდების გარკვეული ნაწილი თამარ კვესიტაძეს, რომელიც ამავე დროს, ბათუმში დადგმული ძეგლის „ალი და ნინო“ ავტორია, სექსუალურად დაუკმაყოფილებელ ადამიანად მოიხსენიებს, მემორიალს კი ზოგი „ნუდისტების ძეგლს“, ზოგიც „ზომბების თავყრილობას“ უწოდებს.

განსაკუთრებით მიუღებელი მსგავსი ფორმის მემორიალის დადგმა იმ მიზეზის გამო აღმოჩნდა, რომ ის ომში დაღუპულთა ხსოვნას ეძღვნება.

კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრ ნიკა რურუასთვის ზომბების მონუმენტი „ადამიანთა ჯგუფია, წინ მიმავალი, საკმაოდ დინამიური და საინტერესო გადაწყვეტით“.

საქინფორმი კომენტარისთვის თავდაპირველად „ახალი მემარჯვენეების“ წარმომადგენელს – მანანა ნაჭყებიას დაუკავშირდა, რომელმაც აღნიშნა, რომ ძეგლმა მასზე საკმაოდ ნეგატიური შთაბეჭდილება დატოვა.

„სტალინი ჩვენი ისტორიის ნაწილია და, ზოგადად, ძეგლების მოგზაურობის წინააღმდეგი ვარ. რაც შეეხება ახალ მემორიალს, ჩემთვის მიუღებელია ოსვენციმის თემატიკაზე შექმნილი ნამუშევრები“, – განაცხადა ნაჭყებიამ.

საზოგადოება „სტალინელის“ თავმჯდომარე გრიშა ონიანი კი მიიჩნევს, რომ „მონუმენტი უსახურ ადამიანთა ფიგურებისგან შედგება და ის მომავალი თაობებისთვის სამარცხვინო მოგონებად იქცევა“.

სააგენტო ცნობილ ხელოვნებათმცოდნეს – გოგი ხოშტარიასაც დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ „მსგავს თემატიკაზე მონუმენტის შესაქმნელად ბევრად ღრმა და შემოქმედებითი კონკურსია საჭირო. რაც შეეხება სახელწოდებას, ვთვლი, რომ ცოტა მანერულია“.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და გორის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებული კონკურსი "2008 წლის რუსეთ–საქართველოს ომში და, ასევე, სტალინური საბჭოთა რეპრესიების შედეგად დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალის ესკიზური პროექტის" კონკურსი დასრულდა. კომისიის მუშაობის შედეგად, ხმათა უმრავლესობით გამოვლინდა გამარჯვებული პროექტი, სახელწოდებით "ამაოებას არ ამოება", რომლის ავტორები თამარ კვესიტაძე და პაატა სანაია არიან.

კონკურსში გამარჯვებული პროექტისთვის 10 000 ლარის ოდენობის ერთჯერადი ფულადი პრემიაა დაწესებული. საკონკურსო პროექტები საჯაროდ იყო გამოფენილი თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის საგამოფენო დარბაზში 2011 წლის 21 იანვრიდან 30 იანვრის ჩათვლით. კონკურსზე სულ 42 პროექტი იყო წარმოდგენილი.