სამართალი
თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულ ვეფხია ბაქრაძეს პატიმრობა შეეფარდა

     საქართველო, 18 აპრილი, საქინფორმი. ამის შესახებ გადაწყვეტილება მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა მიიღო.
ამასთან, პატიმრობა შეეფარდა დანაშაულის შეუტყობილებლობისთვის დაკავებულ თეიმურაზ ბაქრაძესაც.
პროკურატურის ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია საკმარისი მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ ვეფხია ბაქრაძის მიერ ჩადენილ დანაშაულს.
რაც შეეხება მეორე ბრალდებულს, როგორც პროკურორი იოსებ ხუციშვილი აცხადებდა, დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დაკავებულმა თეიმურაზ ბაქრაძემ იცოდა, რაც ჩაიდინა ვეფხია ბაქრაძემ და სამართალდამცავი ორგანოებისთვის არ მიუმართავს.
ამასთან, პროკურატურის თქმით, მან დაკავებამდე წაშალა მოკლე ტექსტური შეტყობინებები, რაც ადასტურებდა ვეფხია ბაქრაძის დანაშაულს.
ვეფხია ბაქრაძის ადვოკატის თქმით, ის შემთხვევის ადგილიდან არ მიმალულა, არამედ დაიბნა. მან შუამდგომლობა დააყენა, რომ ბაქრაძის მიმართ გამოყენებული ყოფილიყო გირაო 20 000 ლარის ოდენობით.
თეიმურაზ ბაქრაძის ადვოკატი ასევე აყენებდა შუამდგომლობას მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის აღკვეთის ღონისძიების 3000-ლარიანი გირაოთი შეცვლაზე.
მკვლელობა თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე 13 აპრილს მოხდა. ყოფილმა მამინაცვალმა ახალგაზრდა ქალს მცირეწლოვანი შვილების თანდასწრებით ყელის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ახალგაზრდა ქალის მკვლელობაში ბრალდებული ვეფხია ბაქრაძე 14 აპრილს დააკავა. დაკავებულს 15 აპრილს ბრალი დაუმძიმდა.