უცხოეთი
სერჟ სარგსიანი - სომხეთი დასავლეთთან და რუსეთთან თანამშრომლობის პოლიტიკას გააგრძელებს

     საქინფორმი, 18 აპრილი, საქინფორმი. სომხეთი დასავლეთთან და რუსეთთან თანამშრომლობის პოლიტიკას გააგრძელებს, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერობის კანდიდატმა სერჟ სარგსიანმა პარლამენტის სპეციალურ სხდომაზე კანონმდებლების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს სტრატეგიულ მოკავშირე რუსეთთან პოლიტიკურ და ეკონომიკურ თანამშრომლობას, მეგობრულ ურთიერთობებს ირანთან, ევროკავშირთან, აშშ-სთან და ჩინეთთან. ამ ქვეყნებს რეგიონისთვის დიდი მნიშვნელობა აქვთ. ჩვენი საერთო იდეოლოგიაა, მივიღოთ სარგებელი თანამშრომლობის გზით და არა სხვა ქვეყნების კონფლიქტებიდან. რეგიონში ჩვენ გვაქვს მაგალითები იმისა, თუ რამდენად საშიშია სხვა სახელმწიფოების დაპირისპირებით თამაში. ჩვენ ყველაფერი დივერსიფიცირებული გვაქვს და ვეცდებით, შევინარჩუნოთ ეს ბალანსი“, – განაცხადა სომხეთის ყოფილმა პრეზიდენტმა.
მან დეპუტატების წინაშე საკონსტიტუციო ცვლილებების მნიშვნელობაზე ისაუბრა, რის შედეგადაც სომხეთი მართვის საპარლამენტო მოდელზე გადავიდა. მისი თქმით, მმართველობის ახალ მოდელზე გადასვლის პროცესის დასასრულებლად პარლამენტი ახალ მთავრობას დაამტკიცებს, ამ მიმართულებით პირველი ნაბიჯი კი პრემიერის არჩევა იქნება.
„ბოლო თვეებისა და დღეების განმავლობაში, ჩვენ ახალი კონსტიტუციის ახალი დასაწყისის განხორციელების მოწმეები ვართ. ჩვენ ახალი საწყისის მონაწილეები ვართ“, – აღნიშნა სარგსიანმა.
როგორც სერჟ სარგსიანმა აღნიშნა, მმართველობის არსებულ მოდელებს შორი სრულყოფილად არცერთი მიიჩნევა.
„ჩვენ გადავდივართ დინამიკურ განვითარებაზე. თუ ადრე საპრეზიდენტო და ნახევრად-საპრეზიდენტო მოდელებს ალტერნატივა არ ჰქონდა, დღეს საპარლამენტო სისტემის ეფექტურობა აშკარაა“, – განაცხადა სომხეთის ყოფილმა პრეზიდენტმა.
სიტყვით გამოსვლისას სერჟ სარგსიანმა განაცხადა, რომ მას საპარლამენტო უმრავლესობის მხარდაჭერა აქვს. მისი თქმით, უსაფრთხოება კვლავ მთავრობის ნომერ პირველი პრიორიტეტი იქნება, კერძოდ ჯარის გაძლიერება, ასევე დემოკრატიის განვითარება.
მისი თქმით, დეპუტატებთან მთავრობის გეგმის დეტალური განხილვის საშუალება პარლამენტისთვის პროგრამის წარდგენისას ექნება.
სომხეთის პარლამენტმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ყოფილი პრეზიდენტის სერჟ სარგსიანის კანდიდატურას უნდა უყაროს კენჭი.
2015 წელს განხორციელებული საკონსტიტუციო რეფორმის შედეგად, სომხეთი საპრეზიდენტოდან საპარლამენტო მმართველობაზე გადავიდა. 9 აპრილს სომხეთის პრეზიდენტის არმენ სარგსიანის ინაუგურაცია ჩატარდა. არმენ სარგსიანი სომხეთის პირველი პრეზიდენტი გახდა, რომელიც არა მოსახლეობამ, არამედ ქვეყნის პარლამენტმა – ეროვნულმა კრებამ აირჩია. ინაუგურაციის შემდეგ, მალევე სომხეთის მმართველმა რესპუბლიკურმა პარტიამ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ყოფილი პრეზიდენტის სერჟ სარგსიანის კანდიდატურა წარადგინა.
სერჟ სარგსიანი სომხეთის პრეზიდენტი თანამდებობას 2008-2018 წლებში იკავებდა. მანამდე ის ერთი წლის განმავლობაში სომხეთის მთავრობის მეთაური იყო, იკავებდა ასევე თავდაცვის მინისტრის პოსტს (2000-2007).
სერჟ სარგსიანის კანდიდატურის განხილვა საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობს. პარლამენტის შენობის გარეთ შეკრებილი დემონსტრანტები სერჟ სარგსიანის პრემიერის პოსტზე წარდგენას აპროტესტებენ.

1tv.ge