უცხოეთი
ნიკოლ პაშინიანი: სომხეთში დაიწყო ხავერდოვანი რევოლუცია

     საქინფორმი, 18 აპრილი, საქინფორმი. სომხეთის პარლამენტში მიმდინარეობს საგანგებო სხდომა, რომელზეც დეპუტატებმა კენჭი უნდა უყარონ პრემიერ-მინისტრის პოსტზე წარდგენილი ექს-პრეზიდენტის, სერჟ სარგსიანის კანდიდატურას. პარლამენტთან გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები. პარალელურად ერევანში გრძელდება მრავალათასიანი საპროტესტო აქცია, რომლის მონაწილეები ეწინააღმდეგებიან სარგსიანის მმართველობის გაგრძელებას. 13 აპრილიდან დაწყებული საპროტესტო მოძარობის, „ჩემი ნაბიჯის“ ლიდერმა, პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ნიკოლ პაშინიანმა 17 აპრილს განაცხადა, რომ სომხეთში იწყება არაძალადობრივი, სახალხო, ხავერდოვანი რევოლუცია. დემონსტრანტებმა სამთავრობო შენობების ბლოკირება გადაწყვიტეს. ამ მიზნით, აქტივისტების ნაწილმა ერევნის საფრანგეთის მოედნიდან გადაინაცვლა სომხეთის გენერალურ პროკურატურასთან. რადიო თავისუფლების სომხური სამსახური პოლიციაზე დაყრდნობით იუწყება, რომ დღის პირველი საათისთვის ერევანში დაკავებულია 59 ადამიანი. მათ ბრალად ედება სხვადასხვა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა. დაკავებულთა შორის არიან საპროტესტო მოძრაობის ლიდერის, ნიკოლ პაშინიანის ვაჟი, აშოტ პაშინიანი და ოპოზიციური პარტიის, „მემკვიდრეობის“ წევრი, არმენ ბარხუდარიანი. სომხეთის ყოფილი პრეზიდენტი, სერჟ სარგსიანი პრემიერ-მინისტრად წარადგინეს მმართველი „რესპუბლიკური პარტიის“ და მისი კოალიციური პარტნიორის, „დაშნაკცუტუნის“ საპარლამენტო ფრაქციებმა. კონსტიტუციაში 2015 წელს შეტანილი ცვლილებებით, სომხეთი საპრეზიდენტოდან საპარლამენტო მმართველობაზე გადავიდა და პრეზიდენტის ნაცვლად პრემიერ-მინისტრი გახდა ყველაზე დიდი ძალაუფლებით აღჭურვილი პირი.

radiotavisupleba.ge